ეს არ არის „ავანსი“, ამისთვის უკრაინა 30 წლის განმავლობაში იბრძოდა - კასიანოვი

პუბლიკა

უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრი კასიანოვმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინისთვის მინიჭებულ კანდიდატის სტატუსზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება არა ავანსი, არამედ მრავალწლიანი ბრძოლის შედეგია.

ეს არ არის „ავანსი“ უკრაინისთვის და არ არის წახალისება. ამ გადაწყვეტილებისთვის უკრაინა 30 წლის განმავლობაში იბრძოდა, ამისთვის გამოვიდა უკრაინელი ხალხი ევრომაიდანზე, ღირსების რევოლუციაზე. თავისუფალ ევროპაში თავისუფალი ქვეყნის უფლებისთვის. 120 დღეზე მეტია უკრაინა წინააღმდეგობას უწევს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ აგრესიას, უკრაინელები ახლა ყოველდღე იცავენ ევროპასა და დემოკრატიას, სიცოცხლეს სწირავენ ჩვენი საერთო მომავლისთვიის. ევროკავშირი იცვლება, ის იქნება უფრო ძლიერი საკუთარი თავის და ღირებულებების დასაცავად, უფრო ძლიერი ეკონომიკური მოთამაშე იქნება გლობალურ განზომილებაში, არ იქნება დამოკიდებული რუსეთის ენერგომატარებლებზე. უფრო სწრაფად მოახდენს რეაგირებას გამოწვევებსა და საფრთხეებზე. უკრაინა თავის წვლილს აუცილებლად შეიტანს ევროპის გაძლიერებაში. უკრაინაში მიმდინარე ომმა შეცვალა ადამიანების დამოკიდებულება, ევროპა, ევროკავშირი და მსოფლიო“, – განაცხადა კასიანოვმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღესაც და მანამდეც არაერთხელ ახსენა, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება „არის წამახალისებელი ავანსი უკრაინისთვის, რომელიც უმძიმეს ომშია“.