„კიდევ ერთი წამქეზებლური, ძალიან საშიში განცხადება პრემიერის მხრიდან, თითქოს აქ გუშინ ვიღაცამ, რომელიღაცა მედიაწარმომადგენელმა თქვა, რომ პატრიარქი უნდა დააკავოს პოლიციამ – ეს არის ბინძური ტყუილი“, – ამის შესახებ „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.
რამდენიმე ტელევიზიის ხელმძღვანელმა პრემიერის გამოსვლის შემდეგ საერთო პრესკონფერენცია გამართა და დღევანდელ გეგმებსა და მოთხოვნებზე ისაუბრა.
გვარამია გამოეხმაურა ღარიბაშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ 11 ივლისის აქციაზე „აგრესიული გამომსვლელები ითხოვდნენ პატრიარქის დაკავებას პოლიციის მიერ“.
ნიკა გვარამიას თქმით, ემიჯნებიან ასეთ განცხადებებს.
„ჩვენ მსგავსი რამე არ გვითქვამს და არც გვიფიქრია. ეს არის კიდევ ერთი წამქეზებლური, პროვოკაციული განცხადება და საკუთრივ პატრიარქის დამამცირებელი განცხადება. ღარიბაშვილი უნდა წავიდეს, მიჰყვეს მისი მთავრობა და სუს-ის უფროსი ლილუაშვილი“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.