პატრიარქის დაკავებას ითხოვდნენ, ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, რომ ამას ვიმეორებ - პრემიერი გუშინდელ აქციაზე

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე მედიისთვის განცხადება გააკეთა და გასული კვირის ძალადობრივ მოვლენებსა და „TV პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას შესახებ ისაუბრა.

ღარიბაშვილმა შეაფასა გუშინ, 11 ივლისს ჩატარებული აქცია.

„ეს იყო კლასიკური ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეკლესიური და მაშასადამე, ანტიეროვნული გზავნილები, რომლებიც გუშინ მოვისმინეთ. გზავნილები, რომელთაც გუშინ ითხოვდნენ აგრესიული  გამომსვლელები პატრიარქის დაკავებას პოლიციის მიერ. მე ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, რომ აღნიშნულს ვიმეორებ. იმის გარდა, რომ ითხოვდნენ ჩვენს გადადგომას და ეს ნორმალურია, ეს უნდა მოითხოვონ, ეს არის მათი ოცნება, მაგრამ მე მინდა, მოსახლეობას ვუთხრა, ვინ ითხოვდა ამ ყველაფერს.

ზოგადად, მივესალმებით დამოუკიდებელი მედიის არსებობას ამ ქვეყანაში და ყველაფერს ვაკეთებთ თავისუფალი, მიუკერძოებელი მედიის განვითარებისთვის ქვეყანაში, ჩვენ მათ ყველაფერს გავუკეთებთ, რაც საჭიროა. მე კიდევ ერთხელ ვუდასტურებ პატივისცემას, ბევრი პროფესიონალი მუშაობს მედიაში.

მაგრამ აქვე მინდა ვთქვა, მოდი, თავს ნუ მოვიტყუებთ, ზედმეტი კეკლუცობა არაა საჭირო, ვთქვათ პირდაპირ – ოპოზიციური ტელევიზიები, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, „მთავარი“, „ტვ პირველი“, „ფორმულა“,   პირდაპირ იმართება სააკაშვილის მიერ, მეგობრებო, მათი მოპარული ფინანსებით. შესაბამისად, მათი დღის წესრიგი და „ნაცმოძრაობის“ და რევანშისტული, რადიკალური ძალის დღის წესრიგი იდენტურია – როგორმე ჩამოაგდონ ხელისუფლება და ძალადობრივი გზით მოვიდნენ ხელისუფლებაში, რაც, რა თქმა უნდა, მიუღწეველია, ამას არ დავუშვებთ.

ერთადერთი გზა ხელისუფლებაში მოსვლისა არის არჩევნებში მონაწილეობა, მეგობრებო“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„მთავარი არხის“ დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ პრემიერის ეს განცხადება „ბინძური ტყულია“, მსგავსი რამ აქციაზე არ თქმულა და არც არავის უფიქრია ამაზე.


11 ივლისს გამთენიისას „TV პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა გარდაცვლილი იპოვეს. მას 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. თავდასხმის შემდეგ ლექსო ლაშქარავას დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.

ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ მედიაორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ და მოითხოვენ პრემიერისა და შს მინისტრის გადადგომას. ამ მოთხოვნით რუსთაველზე აქცია გაიმართა.