„ეს არის ჩემი იძულებითი ნაბიჯი“ - პეტრე კოლხი ქვეყნის დატოვების მიზეზებზე საუბრობს

პუბლიკა

შაბათის ფორმულასთან ინტერვიუში დეკანოზი პეტრე კვარაცხელია ქვეყნის დატოვების მიზეზებზე საუბრობს.  ტელევიზიის ცნობით, მან საქართველო ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ, 1 ივლისს დატოვა.

პეტრე კოლხი ამბობს, რომ მეუფე შიო მუჯირმა აიძულა, ქვეყნიდან წასულიყო. ის იხსენებს, რომ შვილების გვერდით იდგა რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციებზე, რის გამოც ბევრჯერ მისცე შენიშვნა, დაემუქრნენ და უსაყვედურეს.

„ეს გადაცემა იწერება ერთაწმინდაში და ეს გადაცემა გავა ეთერში, როცა მამა პეტრე არ იქნება საქართველოში, მაგრამ მე არ ვიცი რამდენად შევძლებ ემიგრაციაში ცხოვრებას, არასდროს მიცხოვრია ემიგრაციაში, არასდროს მიშრომია ფიზიკურად. იმიტომ კი არა, რომ ვთაკილობ, ჯანმრთელობა არ მიწყობს ხელს.

ეს არის ჩემი იძულებითი ნაბიჯი, რომ მე წავიდე, იქნებ შევძლო, რომ შვილები იქიდან ვარჩინო. იმიტომ რომ, თურმე მე ზედმეტი ვარ დღევანდელი ეკლესიისთვის. […] დღეს ეს ფაქტი დადგა არა მხოლოდ ჩემს წინაშე, არამედ ყველა იმ ადამიანის ცხოვრების წინაშე, რომელიც ებრძვის რუსულ რეჟიმს ჩვენ ქვეყანაში…. ღიად გვდევნიან, გვებრძვიან განსხვავებული სიტყვის გამო, განსხვავებული შეხედულების გამო, იმის გამო, რომ ჩვენ ვაპროტესტებთ იმას, რომ არ გვჭირდება საბჭოთა კავშირში დაბრუნება, იმის გამო, რომ ჩვენთვის მიუღებელია ის რაც დღეს ქვეყანაში ხდება, რის გამოც დუმს საპატრიარქო, რის გამოც საპატრიარქო გარიგებაზე წავიდა ივანიშვილის ხელისუფლებასთან და იმის გამო, რაც ხდებოდა რუსთაველზე და რომლისთვისაც არასდროს მკაფიოდ პოზიცია არ დაუფიქსირებია გნებავთ მოსაყდრე შიო მუჯირს და არ გაუპროტესტებია, თუ როგორ დევნიდა, ებრძოდა, თუ როგორ ალეწავდა სისტემა ცხვირ-პირს და ულეწავდა მომავალს ჩვენი შვილების თაობას. მას არასდროს დაუგმია ღიად ეს აგრესია, ეს ძალადობა…

მე ვიდექი ჩემი შვილების გვერდით, ჩემი ყველა შვილი შეგნებულად იდგა რუსთაველზე, ამის გამო მე ბევრჯერ მომცეს შენიშვნა, ბევრჯერ მისაყვედურეს, ბევრჯერ მემუქრებოდნენ, ბევრჯერ დამიბარეს. იდექი რუსთაველზე, შენ ისევ საუბრობდი იმას, რაც გინდოდა, შენ ისევ აპროტესტებდი ხელისუფლებას, შენ რატომ ახსენებდი ბიძინა ივანიშვილს. 

როდესაც ის ამბიონზე დადგება და ქადაგებას დაიწყებს სიყვარულზე, იქ ჩემი 6 შვილი და ერთი შვილიშვილი დაუდგება და შეახსენებს, რომ შიო მუჯირმა აიძულა დეკანოზი პეტრე კვარაცხელია, ქვეყნიდან წასულიყო, იქ ფიზიკურად ეშრომა და იმით ერჩინა საკუთარი შვილები და ოჯახი და ამით გაეტანა თავი“, – ამბობს პეტრე კოლხი.

ამავე ინტერვიუში ის აღნიშნავს, რომ აქვს ყველა „ქეისი“ იმისთვის, რომ ნებისმიერმა სახელმწიფომ დევნილად აღიაროს.

„ყველა სამსახური ჩამომართვა, ეკლესიას ჩამომაშორა და ამით გადაწყვიტა ჩემზე ფსიქოლოგიური ძალადობა“, – ამბობს ის და სავარაუდოდ, შიო მუჯირს გულისხმობს.

მისივე თქმით, ბოლნისის ეპარქიასი თამამი განაცხადი იყო სასულიერო სკოლის და პერიოდულ გამოცემა ჟურნალ „სიონის“ დაარსება, ის იყო რედაქტორი და სკოლის დირექტორი.

„იანვრის თვეში, 2025 წელს შემომითვალეს, რომ არც სკოლის დირექტორი აღარ ხარ. როდესაც პეტრე კოლხი გყავს ეკლესიაში და მას არ გამოიყენებ, ეს არის ტრაგედია უგმიროდ, ეს გააკეთა შიო მუჯირმა“, – ამბობს პეტრე კოლხი.

მისივე მტკიცებით, „ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო შიო მუჯირი ყოფილიყო პატრიარქის მოსაყდრე, ეს იდეა კი საპატრიარქომდე ჩხარტიშვილმა მიიტანა.

„ბიძინა ივანიშვილი შიო მუჯირისთვის არის კერპი, შიო მუჯირს ჰგონია, რომ ღმერთს ემსახურება და არის კერპთაყვანისმცემელი. შიო მუჯირს გადაწყვეტილი აქვს, რომ ბოლომდე, პირნათლად შეასრულოს რუსული დავალება“, – ამბობს ის.