„ეს არის ჩვენი პირადი და ღირსების საქმე!“ - მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“

პუბლიკა

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ეხმაურება ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლებისა და აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას საქმეს.

მოძრაობის იხსენებს რაჭის ტყეებთან დაკავშირებულ პროტესტზე ხელისუფლების რეაქციას და აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ, რომელიც მუდმივად წინამორბედის სისხლიან 9 წელზე საუბრობს, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, ისარგებლოს მათი მეთოდებით.

„ის რაც ხელისუფლებამ 23 იანვარს კეკელიძის პირველში, მარინა ხატიაშვილის გამოსახლებისას იკადრა, კიდევ უფრო ამყარებს ამ აზრს. ერთი ოჯახის გამოსახლებისთვის სახელმწიფომ გამოიყენა არა მხოლოდ აღსრულების ბიურო, როგორც ერთადერთი კანონიერი გამომსახლებელი, არამედ შსს, საპატრულო პოლიცია, სახანძრო და მაშველთა სამსახური. და ეს იყო არა გამოსახლება, არამედ შენობის შტურმით აღება. სცემეს ყველას, ვინც ხელში ჩაუვარდათ და დააპატიმრეს ადმინისტრაციული წესით 18 ადამიანი, მათ შორის ქალებიც, სისხლის სამართლის წესით – ორი ჩვენი მეგობარი – გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა, რომელთა სასამართლო პროცესი ახლა მიმდინარეობს და პროკურატურა აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარ პატიმრობას ითხოვს, სავარაუდო სასჯელი 3–6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ჩვენ არ ვწერთ მხარდასაჭერ პოსტს, ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენ ვართ ეს ბიჭები, ჩვენ ვართ გამოსახლებული მარინა ხატიაშვილი და ეს არის ჩვენი პირადი და ღირსების საქმე! რაჭაში სახლში შემოგვივარდნენ და აქ სახლიდან გაგვაგდეს, გვცემეს, დაგვაჯარიმეს, ციხეში გვამწყვდევენ და გვაშავებენ. გიორგის და კაკოს თავისუფლებას ესენი ვერ შეუზღუდავენ, მათი მხოლოდ ციხიდან გაშვება შეუძლიათ, რაც უნდა ჩაგრო, არც მარინა ხატიაშვილი დაიჩაგრება, – არ ვართ ჩვენ ის ხალხი, ვინც უსამართლობას იტანს და ეგუება, ეს არის ჩვენი თავისუფლება!“, – აცხადებს მოძრაობა.


23 იანვარს, ხატიაშვილების ოჯახის ძალადობრივი გამოსახლების დროს დაკავებულ აქტივისტებსა და მეცნიერებს, გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლე დავით კუტალაძემ არ გაიზიარა ბრალდებულების ადვოკატის შუამდგომლობა გირაოს და თავდებობის შესახებ. აკაკი ჩიქობავას თავდებში უდგებოდნენ თსუ-ს პროფესორები ალექსანდრე ბოშიშვილი და თედო დუნდუა. ხოლო გიორგი ხასაიას – ილიაუნის პროფესორები, თამთა მიქელაძე და ქეთევან გურჩიანი.