დეპუტატები კენჭისყრაში მონაწილეობას გაუგებრობას და კომუნიკაციის არქონას მიაწერენ

პუბლიკა

რასაკვირველია არ გავრიგებულვართ არავისთან – აცხადებს დეპუტატი ნიკა მაჭუტაძე, რომელმაც იუსტიციის საბჭოში ასარჩევად სამ არამოსამართლე წევრს მხარი დაუჭირა.

მაჭუტაძემ, როსტომ და ნატო ჩხეიძეებმა ენმ-ის ფრაქციის დატოვების შესახებ განაცხადეს.

„არავის არ განუცხადებია ჩვენთვის, რომ ხმა არავის არ მივცეთ. ასეთი შეთანხმება არ არსებობდა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ამის შესახებ არც გაფრთხილებულები და არც ინფორმირებულები ვიყავით… როგორც კი ამაზე ატყდა ამბავი და ჩვენ დავინახეთ, რომ საერთო ოპოზიციური აზრი იყო სხვაგვარი, მაშინვე შევწყვიტეთ ეს პროცესი, იმ წუთას გამოვედით სხდომათა დარბაზიდან. სრული პასუხისმგებლობითა და პატიოსნებით ვამბობ ამას. რასაკვირველია არ გავრიგებულვართ არავისთან. იცის ეს ღმერთმა და იცოდნენ ეს ადამიანებმაც. მეთვითონ აღმოვჩნდი რთულ მდგომარეობაში, ვაღიარებ, რომ ეს არის ჩვენი პოლიტიკური შეცდომა, მაგრამ გამოწვეულია ისეთი აბსურული“, – აცხადებს ის.

გაუგებრობას აწერს კენჭისყრაზე მომხდარს ბაჩუკი ქარდავაც, რომელიც ასევე ტოვებს ფრაქციას.

ქარდავას თქმით, ის 29-ვე კანდიდატის მხარდაჭერას გეგმავდა, თუმცა ოპოზიციის დარბაზიდან გამოსვლის გადაწყვეტილებას დაეთანხმა, დატოვა დარბაზი და დანარჩენი კანდიდატებისთვის მხარი აღარ დაუჭერია.

ქარდავას და მაჭუტაძის გარდა კანდიდატებმა მიიღეს ნატო ჩხეიძისა და როსტმ ჩხეიძის მხარდაჭერაც.

„გარიგება ცხადია, არ მომხდარა, იმისთანა გასარიგებელია, ეს იმას ვერ აწევდა და ვერ გადაწონიდა….გარიგება რომ მნდომებოდა, აქამდე გავრიგდებოდი“, – ამბობს ჩხეიძე.

დეპუტატების საპასუხოდ ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ კენჭისყრამდე დეპუტატებს მისწერეს, რომელი კანდიდატებისთვის უნდა დაეჭირათ მხარი: ლიკა საჯაია, სულხან სალაძე, კახა წიქარიშვილი და ლია მუხაშავრია.