პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 არამოსამართლე წევრი აირჩია

პუბლიკა

პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 არამოსამართლე წევრის ვაკანსიაზე ასარჩევ კანდიდატებს კენჭი უყარა. კენჭისყრა ანონიმური იყო, შესაბამისად, უცნობია, ვისი მხარდაჭერა მოიპოვეს კანდიდატებმა.

90-ზე მეტი ხმით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად აირჩიეს ტრისტან ბენაშვილი (93 ხმა), გიორგი გზობავა (91 ხმა), ზურაბ გურასპაშვილი (93 ხმა).

2 ადგილი ვაკანტური დარჩა, მას შემდეგ, რაც ოპოზიციის ნაწილმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის არჩევას 90 ხმა სჭირდებოდა, რისთვისაც უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის კონსესუსის მიღწევა იყო საჭირო, რადგან უმრავლესობას 84 ხმა აქვს.

კენჭისყრის დაწყებამდე „ლელოს“ წევრმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილის შეთავაზება იყო შეხვედრა უმრავლესობასთან და მათი პოზიციების გაზიარება, რაც ვერ მოხერხდა და კენჭისყრა კონსულტაციების გარეშე დაიწყო.

ოპოზიციასთან კონსესუსის ვერმიღწევის მიუხედავად კანდიდატების ნაწილმა არჩევისთვის საჭირო მხარდაჭერის მიღება შეძლო.

ამის გამო კენჭისყრის პროცესში ოპოზიციის ნაწილმა პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა.

„ჩვენ ახლა ვხედავთ ევრორეკომენდაციის საბოტაჟს და ამას ჰქვია დავალების შემსრულებლების მიერ სხვათა ხმის უფლებაზე გავლენის მოხდენის მცდელობა. თავის დროზე ესენი ახერხებდნენ ამას და ახლა ვეღარ უნდა მოახერხონ. წარმოუდგენელი ამბავია, სხვა კოლეგებს მოუწოდებდე, რომ დატოვონ დარბაზი, არ მისცენ ხმა. ეს არის ნაცური მმართველობა და ეს არის აგენტების მიერ მმართველობის ფორმა, რომლის დამკვიდრებაც უნდათ და ამ ქვეყანაში ეს არ დამკვიდრდება. ბატონო თავმჯდომარევ, გთხოვთ, შევწყვიტოთ ახლა კენჭისყრა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამის შემდეგ დარბაზში ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. სხდომის განახლების შემდეგ დარჩენილმა კანდიდატებმა 90-ზე მეტი ხმის დაგროვება ვეღარ შეძლეს.

უცნობია, ოპოზიციიდან ვინ დაუჭირა მხარი კანდიდატებს. „ლელოს“, გახარიას პარტიის, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“, „გირჩის“, „მოქალაქეების“, „რეფორმების ჯგუფის“ წევრებმა, ასევე უფრაქციო წევრების ნაწილმა განაცხადა, რომ მათ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

ვაკანტური ადგილების შესავსებად კენჭისყრა ხელახლა გაიმართება. კენჭი ეყრება იმ კანდიდატებს, ვინც დღევანდელ სხდომაზე ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა მიიღო. მათ შორის იქნებიან რუსუდან კვინიკაძე, გოგა კიკალაშვილი, ლევან ნემსაძე, ნინო ნიშნიანიძე.


„ოცნებამ“ საპარლამენტო ოპოზიციას გუშინ, 16 მაისს შესთავაზა, დღის ბოლომდე დაესახელებინათ მათთვის მისაღები კანდიდატები, თუმცა ეს ვადა და ფორმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ულტიმატუმად შეაფასეს და განაცხადეს, რომ მუდმივად გამოთქვამდნენ მზაობას კონსულტაციებისთვის, რაზეც „ოცნება“ არ მოდიოდა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების კონკურსი 2022 წლის სექტემბრის ბოლოს გამოცხადდა და კენჭისყრა დეკემბერში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა კონსენსუსის არარსებობის გამო საკითხი გადაიდო.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად მოიაზრება როგორც ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის რეკომენდაციებით, ასევე ადგილობრივი ორგანიზაციებისა და ოპოზიციის შეფასებით.


კენჭი უყარეს შემდეგ კანდიდატებს: ზურაბ აზნაურაშვილი, ვიქტორ ახალბედაშვილი, ტრისტან ბენაშვილი, კარლო ბზიშვილი, ზაზა ბუაჩიძე, გიორგი გზობავა, ზურაბ გურასპაშვილი, იოსებ ვარძელაშვილი, მანუჩარ კაკოჩაშვილი, ავთანდილ კახნიაშვილი, რუსუდან კვინიკაძე, გოგა კიკილაშვილი, ალექსანდრე კობაიძე, ალექსანდრე კურცხალია, გია ლილუაშვილი, ხათუნა ლორია, თამარ მახარობლიძე, როინ მიგრიაული, ლია მუხაშავრია, ლევან ნემსაძე, ნინო ნიშნიანიძე, სულხან სალაძე, ლიკა საჯაია, სოფო სოხაძე, კახა წიქარიშვილი, დიმიტრი ხაჩიძე, თემურ ჯერვალიძე.

გრიგოლ გაგნიძე გასაუბრებაზე არ გამოცხადდა, ნოდარ პაპუკაშვილი განათლების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, უფლებადამცველმა ანა აბაშიძემ და ომბუდსმენის ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ კანდიდატურები გაიწვიეს.

„კოალიცია მართლმსაჯულებისთვის“,  აბაშიძისა და ბურჯანაძის გარდა, მხარს უჭერდა ლიკა საჯაიას, სულხან სალაძესა და დიმიტრი ხაჩიძეს.