მმართველი პარტია VS სამოქალაქო სექტორი – როგორ იგეგმება სასამართლო რეფორმა

პუბლიკა

ევროპულმა საბჭომ 23 ივნისის გადაწყვეტილებით მხარი დაუჭირა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის დადასტურებას და ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას იმ შემთხვევაში, თუკი ქვეყანა ევროკომისიის მიერ გაწერილ რეკომენდაციებს შეასრულებს.

იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა შეასრულოს ევროკომისიის მიერ რეკომენდებული 12 პუნქტი.

„პუბლიკა“ შემოგთავაზებთ მასალებს და გაგაცნობთ ევროკომისიის რეკომენდაციების რამდენიმე საკვანძო პუნქტზე „ოცნებისა“ და სამოქალაქო სექტორის თვალთახედვას. შევეცდებით, გაჩვენოთ, რომელი ღონისძიებებია უფრო მკაფიო და რამდენად მიიყვანს ქვეყანას მმართველი პარტიის შემოთავაზებული გეგმა მიზნამდე – მიიღოს საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსი.

მესამე პუნქტი, რომლიც სასამართლო რეფორმას, გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილებასა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევას შეეხება, ერთ-ერთი საკვანძო პუნქტია.

როგორც ევროკავშირის რეკომენდაციებში ვკითხულობთ, ქვეყანამ უნდა მიიღოს და დასახოს გამჭვირვალე და ეფექტიანი სასამართლო რეფორმის სტრატეგია და 2021 წლის შემდგომი სამოქმედო გეგმა, რომელიც დაფუძნებულია ფართო, ინკლუზიურ და მრავალპარტიულ საკონსულტაციო პროცესზე;

უზრუნველყოს სასამართლო სისტემა, რომელიც იქნება სრულად და ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი მთელი სასამართლო ინსტიტუციური ჯაჭვის განმავლობაში, ასევე უფლებამოსილებების დანაწილების უზრუნველსაყოფად;

კერძოდ, უზრუნველყოს სასამართლოს ყველა ინსტანციისა და პროკურატურის გამართული ფუნქციონირება და მთლიანობა, განსაკუთრებით კი უზენაესი სასამართლოსი და აღმოფხვრას გამოვლენილი ხარვეზები, მათ შორის ყველა ინსტანციაში მოსამართლეთა და გენერალური პროკურორის დანიშვნების შესახებ;

განახორციელოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საფუძვლიანი რეფორმა და დანიშნოს უმაღლესი საბჭოს დარჩენილი წევრები. ყველა ეს ღონისძიება სრულად უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს;

რა გეგმა აქვს „ოცნებას“ სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებით?

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან უკვე შექმნილია სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ყველა საპარლამენტო პოლიტიკური პარტიაა წარმოდგენილი. აღნიშნული სამუშაო ჯგუფი უახლოეს დღეებში აქტიურად განაახლებს მუშაობას და სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობის სიღრმისეული ანალიზის საფუძველზე, მოამზადებს როგორც სასამართლო რეფორმის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას, ისე შესაბამისი კანონპროექტების პაკეტს.

„ოცნებაში“ ამბობენ, რომ სასამართლო რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა მომზადდება და გამოქვეყნდება 1 ოქტომბრამდე, რის საფუძველზეც საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდება და საქართველოს პარლამენტს ინიციატივის წესით წარედგინება 1 ნოემბრამდე.

კანონპროექტი ინიციირებისთანავე დასკვნისთვის გაეგზავნება ვენეციის კომისიასა და ეუთო-ოდირს. პარლამენტში კანონპროექტის განხილვა დაიწყება ვენეციის კომისიიდან და ეუთო-ოდირიდან დასკვნის მიღებისთანავე.

კონსტიტუციური კანონის პროექტი გენერალური პროკურორის არჩევის წესის შესახებ საქართველოს პარლამენტში დაინიციირდება 1 სექტემბრამდე, ხოლო პარლამენტის მიერ მიიღება არა უგვიანეს 29 ნოემბრისა. კონსტიტუციური კანონის მიღებას კოორდინაციას გაუწევს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი.

„ოცნების“ გეგმის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრთა შესარჩევ კონკურსს საქართველოს პარლამენტი გამოაცხადებს არა უგვიანეს 30 სექტემბრისა, ხოლო კენჭისყრა საბჭოს წევრთა ასარჩევად ჩატარდება არა უგვიანეს 15 ნოემბრისა.

საბჭოს წევრთა ასარჩევად საჭიროა 90 პარლამენტის წევრის ხმა. აქედან გამომდინარე, „ოცნებაში“ ამბობენ, რომ ევროკავშირის დათქმის შესაბამისად მათი არჩევის უზრუნველყოფა როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციის პასუხისმგებლობაა.

რა გეგმა აქვს არასამთავრობო სექტორს სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით?

მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილი გეგმის გამოქვეყნებიდან მალევე, 3 ივლისს, 22-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ წარმოადგინა ალტერნატიული სამოქმედო გეგმა.

არასამთავრობო სექტორის შეფასებით, „ოცნების მიერ წარმოდგენილი გეგმა არ არის კონკრეტული და მხოლოდ პროცედურული საკითხებია გაწერილი“. ამიტომ ხედავენ რისკს, რომ ამ გეგმის მიყოლა ფორმალურ ხასიათს მიიღებს, რომელიც დროში გაიწელება და 6 თვის თავზე შედეგს ვერ მოიტანს.

არასამთავრობო სექტორის მიერ შემოთავაზებული გეგმის მიხედვით, იმისათვის რომ რეკომენდაციის მესამე პუნქტი შემოთავაზებულ ვადებში შესრულდეს საჭიროა რამდენიმე საკვანძო ნაბიჯის გადადგმა. აქვე შემოთავაზებულია კონკრეტული ვადები, რა დროც დასჭირდება კანონპროექტების ინიცირებასა და მიღებას.

კერძოდ,  სასამართლო რეფორმის ახალი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღება და განხორციელება – სამოქმედო გეგმა უნდა შემუშავდეს ინკლუზიურ და მრავალპარტიულ ფორმატში, სახალხო დამცველისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ჩართულობით.

გეგმის მიხედვით, სასამართლო რეფორმის სტრატეგია უნდა დამტკიცდეს ყველა აქტორის, მათ შორის სახალხო დამცველის, ფართო მხარდაჭერით. არასამთავრობო სექტორში აცხადებენ, რომ შეიძლება სრულად ამოქმედდეს ერთ თვეში. ეს პროცესი არ საჭიროებს ოფიციალურ პროცედურებს. ქართულმა ოცნებამ უნდა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება და შექმნას სპეციალური ინკლუზიური ფორმატი სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით.

განახორციელოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საფუძვლიანი რეფორმა. კერძოდ, მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს ორმაგი 2/3-ის საფუძველზე (ამ პრინციპის მიხედვით, გადაწყვეტილება საჭიროებს მოსამართლე წევრების 2/3-ის და არამოსამართლე წევრების 2/3-ის თანხმობას). პოლიტიკურ კონსენსუსს უნდა ეფუძნებოდეს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის გადაწყვეტილებაც.

უნდა დაინერგოს „ორმხრივი” (საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის თანხმობით) დანიშვნის პრინციპი, ან დადგინდეს პარლამენტის სრული შემადგენლობის მაღალი კვორუმი- 3⁄5. ეს გამორიცხავს უზენაესი სასამართლოს ფორმირებას ოპოზიციის თანხმობის გარეშე. შენიშვნა: რეფორმა საჭიროებს ცვლილებას საერთო სასამართლოების შესახებ კანონში.

დაინიშნონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დარჩენილი არამოსამართლე წევრები – მომდევნო სესიაზე პარლამენტმა ხუთი არამოსამართლე წევრი უნდა აირჩიოს. კანდიდატი უნდა იყოს მიუკერძოებელი, კეთილსინდისიერი და კომპეტენტური. საბჭოში უნდა დაინიშნოს მაღალი საზოგადოებრივი ნდობის მქონე კანდიდატები, რომელთა თაობაზეც პოლიტიკურ პარტიებს შორის ფართო კონსენსუსი იქნება. ეს მნიშვნელოვნად შეცვლის ძალთა ბალანსს საბჭოში, შექმნის ახალ სიმძიმის ცენტრს ხუთი დამოუკიდებელი წევრით.

შეფასდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ყველა ბოლოდროინდელი დანიშვნა და საჭიროების შემთხვევაში გადაიხედოს დანიშვნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები. კერძოდ, არაფორმალური მმართველობის (“კლანური მმართველობის”) შეფასებისთვის უნდა შეიქმნას მრავალპარტიული საპარლამენტო კომისია, რომლის საფუძველზეც პარლამენტი მიიღებს დადგენილებას სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე.

მას შემდეგ, რაც პარლამენტი შეაფასებს მართლმსაჯულების სისტემაში არაფორმალური გავლენების პრობლემას, შესაძლოა საჭირო გახდეს სასამართლოს სისტემური განახლება, მათ შორის, თანამდებობასთან შესაბამისობის ხელახალი შემოწმება.

გენერალური პროკურორის დანიშვნის წესში ცვლილების შეტანა  – 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად, გენერალური პროკურორის დანიშვნის წესი უნდა შეიცვალოს. გენერალური პროკურორი უნდა დანიშნოს პარლამენტმა ხმების 3⁄5 უმრავლესობით.

წარმოდგენილი რეკომენდაციების შესრულებაზე იმსჯელა ოპოზიციის ნაწილმა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდგომ კომენტარებიდან გახდა ცნობილი, ისინი დიდწილად იზიარებენ და ეთანხმებიან არასამთავრობო სექტორის მიერ წარდგენილ გეგმას, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ თავიანთი ალტერნატიული წინადადებებიც წარმოადგინონ.

 

LB loan image desktop LB loan image mobile