მმართველი პარტია VS სამოქალაქო სექტორი - როგორია გეგმა საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებაზე

პუბლიკა

ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი წევრი ქვეყნის სტატუსი არ მიანიჭა, მაგრამ აღიარა ქვეყნის ევროპული პერსპექტივა. სტატუსის მისაღებად ქვეყანას ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად 6-თვიანი ვადა მისცა და უთხრა, რომ ევროკავშირის კარი ღიაა.

ევროკომისიის რეკომენდაციები 12 პუნქტს მოიცავს. მმართველმა პარტიამ და სამოქალაქო სექტორმა ამ რეკომენდაციების შესრულების გეგმა და ვადები პუნქტობრივად  წარმოადგინეს.

„პუბლიკა“ შემოგთავაზებთ მასალებს და გაგაცნობთ ევროკომისიის რეკომენდაციების რამდენიმე საკვანძო პუნქტზე „ოცნებისა“ და სამოქალაქო სექტორის ხედვას. შევეცდებით, გაჩვენოთ, ამ ხედვებიდან რომელი ღონისძიებებია უფრო მკაფიო და  რამდენად მიიყვანს ქვეყანას მმართველი პარტიის შემოთავაზებული გეგმა მიზნამდე – მიიღოს საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსი.

პუნქტი 2. – სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანი ფუნქციონირება; საპარლამენტო ზედამხედველობის გაუმჯობესება; საარჩევნო კანონმდებლობა.

რას ამბობს ევროკომისიის რეკომენდაცია?  – ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის სრულყოფილი მუშაობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი, გაძლიერდეს მათი დამოუკიდებლობა და ეფექტიანი ანგარიშვალდებულება, ასევე, მათი დემოკრატიული ზედამხედველობის ფუნქციები;

ამავე პუნქტშია მოცემული, რომ კიდევ უფრო გაუმჯობესდეს საარჩევნო საკანონმდებლო ჩარჩო, აღმოიფხვრას ყველა ხარვეზი, რომელიც ამ პროცესების დროს ეუთო/ოდირისა და ევროპის საბჭომ/ვენეციის კომისიამ გამოავლინა.

რას ამბობს „ოცნება“, როგორ შეასრულებს ამ პუნქტს?  – ისევე, როგორც სხვა პუნქტებთან მიმართებით, აქაც მმართველი პარტია სამუშაო ჯგუფის შექმნას გეგმავს.

პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტთან შეიქმნება სამუშაო ჯგუფი ყველა საპარლამენტო პარტიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით.

მისივე თქმით, ეს ჯგუფი უზრუნველყოფს საპარლამენტო ზედამხედველობისთვის პარლამენტის რეგლამენტის აღსრულების შეფასებას, ასევე, მოამზადებს საკანონმდებლო ინიციატივას, გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებლად.

მმართველი პარტია შესაბამისი კანონპროექტის წარდგენას პარლამენტში გეგმავს არა უგვიანეს 21 სექტემბრისა, კანონპროექტის მიღებას კი – არა უგვიანეს 1 ნოემბრისა. საპარლამენტო ზედამხედველობის ნაწილში მხოლოდ ეს ზოგადი გეგმა აქვს „ოცნებას“.

რაც შეეხება საარჩევნო კანონმდებლობას, მმართველი პარტიის გეგმით, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შეიქმნება საარჩევნო კოდექსის რევიზიის სამუშაო ჯგუფი, რომელშიც წარმოდგენილები იქნებიან პარლამენტარები ყველა საპარლამენტო პოლიტიკური პარტიიდან, აგრეთვე – ცენტრალური საარჩევნო კომისიის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

კობახიძის თქმით, მომზადდება ცვლილებები საქართველოს საარჩევნო კოდექსში, რომელშიც „სათანადოდ იქნება ასახული ეუთო-ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები“.

შესაბამისი კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს ინიციატივის წესით უნდა წარედგინოს არა უგვიანეს 21 სექტემბრისა და პარლამენტმა უნდა მიიღოს არა უგვიანეს 13 დეკემბრისა. მეორე მოსმენით მიღებამდე კანონპროექტი დასკვნისთვის გაეგზავნება ვენეციის კომისიასა და ეუთო-ოდირს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტში, რომელსაც ხელი თავის დროზე მმართველმა პარტიამაც მოაწერა, რეკომენდაციების მეორე პუნქტში ასახული მიზნების შესასრულებლად კონკრეტული საკანონმდებლო თუ ინსტიტუციური ღონისძიებებია მოცემული.  მიუხედავად ამისა, მმართველი პარტია სამუშაო ჯგუფის შექმნით თავიდან იწყებს იმ პროცესს, რომლის შედეგიც შარლ მიშელის შეთანხების სახით უკვე არსებობს.  

თუმცა შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს ეყრდნობა და სულისკვეთებას იზიარებს არასათავრობო სექტორი.

რა წერია არასამთავრობო სექტორის გეგმაში?  – ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა, რომელსაც ხელს 22 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს, უფრო კონკრეტულია.

ამ გეგმის მიხედვით, პირველი ნაბიჯი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება უნდა იყოს. შესაბამისი ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო. საჭიროა კიდევ ორი მოსმენა საბოლოო დამტკიცებისთვის.

(შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 13 ივნისს ამ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა პარლამენტში კიდევ 2 თვით გადავადდა.

ცვლილებებით გათვლისწინებულია, რომ მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის დაწესებული ბარიერი 2%-მდე შემცირდეს და მანდატების განაწილების პროპორციული წესი დადგინდეს).

საარჩევნო რეფორმას რაც შეეხება, სამოქალაქო სექტორის გეგმის მიხედვით, 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების საფუძველზე, საარჩევნო კოდექსში შემდეგი ცვლილებების მიღებაა საჭირო:

ცესკოს თავმჯდომარე და პროფესიული წევრები აირჩევიან პარლამენტის წევრთა ორი მესამედის უმრავლესობით.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ან/და პროფესიული წევრების არჩევის ჩიხური მდგომარეობიდან გამოსვლის მექანიზმი კი იქმნება შემდეგნაირად:

  • პირველი ორი მცდელობა საჭიროებს ორი მესამედის უმრავლესობას; მესამე მცდელობა – სამი მეხუთედის უმრავლესობას; შემდგომი მცდელობა – უბრალო უმრავლესობას;

  • კენჭისყრა არ უნდა ჩატარდეს, თუ წინა კენჭისყრიდან, სულ მცირე, 4 კვირა არ არის გასული;

  • ნებისმიერი დანიშვნა ჩიხური მდგომარეობიდან გამოსვლის მექანიზმით (ორ მესამედზე ნაკლებით) უნდა იყოს დროებითი, შეზღუდული ექვსი თვის ვადით, რომლის განმავლობაშიც ხელახლა უნდა დაიწყოს დანიშვნის სტანდარტული პროცედურა.

ამავე გეგმაში ნათქვამია, რომ ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ ისინი არ შეინარჩუნებენ მოვალეობის შემსრულებელ თანამდებობებს ახალი წევრების დანიშვნამდე და თანამდებობას დატოვებენ.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში ამბობენ, რომ შეიმუშავეს საკანონმდებლო ინიციატივა და მისი წარდგენა პარლამენტში უმოკლეს ვადაშია შესაძლებელი.

სამოქალაქო სექტორში ასევე ამბობენ, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა აიღოს ვალდებულება, ცესკოს შემდეგი თავმჯდომარე და პროფესიული წევრები დაინიშნოს პარლამენტის ორი მესამედის მიერ, პოლიტიკური დეპოლარიზაციისა და საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობის უზრუნველსაყოფად.

„ეს იქნება მთავარი, რათა არჩევნებისადმი ნდობა საზოგადოების მხრიდან ამაღლდეს“, – ამბობდნენ ისინი გეგმის წარდგენისას.

საარჩევნო რეფორმის შესრულების პირობებსა და კონკრეტულ ნაბიჯებს მოიცავს შარლ მიშელის შეთანხმებაც, რომელიც 2021 წლის 28 ივლისს „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ანულირებულად გამოაცხადეს.

ირაკლი კობახიძემ მაშინ განაცხადა, რომ ამ შეთანხმებამ თავი ამოწურა. მან „ნაციონალური მოძრაობა“ დაადანაშაულა, რადგან პარტიამ 100 დღის განმავლობაში შეთანხმების დოკუმენტს ხელი არ მოაწერა.

ენმ-მ შარლ მიშელის შეთანხმებას ხელი მმართველი პარტიის მიერ დოკუმენტის ანულირების შემდეგ მოაწერა.

„მე არ მახსენდება ქვეყნის ისტორიაში რაიმე შეთანხმების, მით უმეტეს, ევროკავშირის მედიაციით დადებული შეთანხმების ანულირება მომხდარიყოს. ყოფილა შემთხვევები, რომ არ სრულდებოდა რაღაც საკითხები ან სათანადო ყურადღება არ ექცეოდა, მაგრამ ასე საერთოდ ანულირება, მე არ მახსენდება“, – ეუბნებოდა მაშინ „პუბლიკას“  ფონდ „ღია საზოგადეობა – საქართველოს“  ევროპასთან ინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე.

მმართველი პარტიის განცხადებების მიხედვით, ისინი არ აპირებენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჩართულობით მომზადებულ დოკუმენტს დაუბრუნდნენ.

ოპოზიციური პარტიების ნაწილი აცხადებს, რომ ისინი დიდწილად იზიარებენ არასამთავრობო სექტორის მიერ შემოთავაზებულ გეგმას, თუმცა მოლაპარაკებები გრძელდება და არ გამორიცხავენ, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე ალტერნატიული გეგმაც წარმოადგინონ.

განახლება: დღეს მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს  პარლამენტი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ ევროკავშირი კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებს.