„ვსვამ კითხვას, რატომ ჩავიდინე და პასუხს მე ვცემ” – საპატრიარქოში მანქანით შევარდნის საქმეზე დაკავებულმა როსტომ მაზმიშვილმა სასამართლო პროცესზე ინციდენტის შესახებ ისაუბრა. ინფორმაციას გამოცემა „ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
„დავიწყოთ იქიდან, 3 წლის განმავლობაში ვცდილობდი პატრიარქთან შეხვედრას, ხან ნომერი დავტოვე, ხან რა დავტოვე, სამებაში ვიყავი წყნარად, დაცვას ვთხოვე მოსაყდრე შიოსთვის გადაეცათ, რომ შეხვედრა მსურდა, საპატრიარქოში მივედი, გამომიშვეს”,- განაცხადა ბრალდებულმა, რა დროსაც მას მოსამართლემ სიტყვა შეაწყვეტინა და უთხრა, რომ გამოძიების ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებდა ის, შესაბამისად, მისი უფლება რომ არ დარღვეულიყო, პოზიცია ადვოკატთან შეეთანხმებინა” – განაცხადა პროცესზე მაზმიშვილმა.
გამოცემის ცნობით, სასამართლო სხდომაზე მაზმიშვილმა განაცხადა, რომ მას კერძო ადვოკატისთვის თანხის გადახდის შესაძლებლობა არ აქვს. „არ მჭირდება ინტერესების დაცვა, მე მინდა მარტო ვიყო” – თქვა პროცესზე ბრალდებულმა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ მის ინტერესებს სახაზინო ადვოკატი ილია ნაცვლიშვილი დაიცავს.
დღეს პროკურატურამ 20 მაისს საპატრიარქოს რეზიდენციასთან მომხდარი „ხულიგნობის და ნივთის დაზიანების ფაქტზე” როსტომ მაზმიშვილს ბრალდება წარუდგინა. დღეს უწყებამ ასევე თქვა, რომ ბრალდებული „რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით” შეიჭრა საპატრიარქოს რეზიდენციასის ტერიტორიაზე, სადაც დააზიანა ე.წ. „შლაგბაუმი“, შესასვლელი კარი და ეზოში მდგომი ავტომანქანა.
უწყების ცნობით, ბრალდებულის ქმედების შედეგად დაზარალებულებს 9350 ლარის ოდენობის მატერიალური ზიანი მიადგათ. საქმეზე, ბრალდებულის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა.