პარლამენტის აპარატის უფროსის, კახა ოქროჯანაშვილის 21 მაისის ბრძანების საფუძველზე, „პუბლიკას“ აკრედიტაცია ვადაზე ადრე გაუუქმდა.
ბრძანების მიხედვით, გაუქმების მიზეზად მორიგი სესიის პერიოდში (19.02.2026-15.05.2026) ზედიზედ 10 კვირის განმავლობაში „პუბლიკის“ აკრედიტებული ჟურნალისტების პარლამენტში არყოფნაა დასახელებული. „პუბლიკას“ პარლამენტში აკრედიტებული 4 ჟურნალისტი ჰყავდა.
როგორც „პუბლიკას“ პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ამ მუხლის მითითებით პარლამენტში ჟურნალისტებს აკრედიტაცია ვადაზე ადრე გაუუქმდათ. აღნიშნული წესი 2023 წლიდანაა ძალაში.
ამავე მიზეზით აკრედიტაცია გაუუქმდა „მონიტორის“ ჟურნალისტებსაც.
ბრძანების მიხედვით, გაუქმების მიზეზად მორიგი სესიის პერიოდში (05.02.2026-17.04.2026) ზედიზედ 10 კვირის განმავლობაში „სტუდია მონიტორის“ აკრედიტებული ჟურნალისტების არყოფნა დასახელდა.
„პარლამენტის აკრედიტაციის რაოდენობრივი შეზღუდვის გამო „მონიტორს“ აკრედიტებული მხოლოდ ოთხი ჟურნალისტი ჰყავდა, ვინაიდან რაოდენობრივ შეზღუდვას ითვალისწინებს „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესი“. რაც შეეხება „მონიტორის“ არააკრედიტებულ ჟურნალისტს, საქართველოს პარლამენტში ერთჯერადი საშვის მისი მოთხოვნა პარლამენტმა არ დააკმაყოფილა.
„მონიტორის“ ჟურნალისტმა მარიკა დუდუნიამ 17 და 19 თებერვალს ორჯერ მიმართა საქართველოს პარლამენტს ერთჯერადი სპეციალური საშვის მოთხოვნით, თუმცა პარლამენტმა მოთხოვნა არ დააკმაყოფილა“,- ნათქვამია „მონიტორის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„მონიტორში” აცხადებენ, რომ პარლამენტის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.