ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმაურება კომუნიკაციების კომისიის მიერ ტელეკომპანია „ფორმულას“ 2500 ლარით დაჯარიმებასა და გამოცემა „პუბლიკისა“ და „მონიტორისთვის“ პარლამენტში აკრედიტაციის ვადაზე ადრე გაუქმებას.
ქარტია მიიჩნევს, რომ „თვალსაჩინოა ცენზურის ნორმალიზებისა და სარედაქციო საქმეებში ჩარევის მცდელობა და განზრახვა, რომ დამოუკიდებელ მედიასაშუალებაში მომუშავე ჟურნალისტებს კიდევ უფრო შეეზღუდოთ წვდომა საჯარო ინფორმაციასა და საჯარო სივრცეებზე და შეეშალოთ ხელი პროფესიული მოვალეობის შესრულებაში“.
„ჟურნალისტური ეთიკის ქარტია „ქართულ ოცნებას“ – შეწყვიტეთ რეპრესიები! სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას! ამ კვირაში ქართული მედია კიდევ ერთხელ გახდა რეპრესიების სამიზნე.
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, პროაქტიულად ჩატარებული მედიამონიტორინგის საფუძველზე, მიიჩნია, რომ ტელეკომპანია „ფორმულამ“ მაუწყებლობის შესახებ კანონში ახლად შეტანილი ის მუხლები დაარღვია, რომლებიც შინაარსთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს (54-ე მუხლის პირველი, მეოთხე და მეხუთე პუნქტები).
მან პრობლემურად მონიშნა ახალი ამბების პროგრამებში გამოყენებული ისეთი შეფასებითი სიტყვები, როგორიცაა „ქართული ოცნების მთავრობის მეთაური“, „ივანიშვილის რეჟიმი“, „რეჟიმის პროკურატურა“, „ოცნების პრემიერი“ და სხვა მსგავსი და ერთ შემთხვევაში დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების შესახებ სიუჟეტის ეთერში ჯანდაცვის სამინისტროს კომენტარის გარეშე გაშვება. კომისიამ ტელეკომპანია 20 მაისს 2,500 ლარით დააჯარიმა.
კომისიამ „ფორმულა“ მსგავსი დარღვევისთვის წინა თვეში წერილობით გააფრთხილა. ჟურნალისტური თემის მოლოდინი, რომ წერილობით გაფრთხილებას მალევე მოჰყვებოდა ფინანსური სანქცია, სამწუხაროდ, გამართლდა. გაფართოებული მანდატი კომისიას მსგავსი დარღვევების გამო მაუწყებლობის შეჩერების უფლებასაც აძლევს.
დღეს, 21 მაისს, პარლამენტის აპარატის უფროსის, კახა ოქროჯანაშვილის ბრძანებით, პარლამენტში აკრედიტაცია ვადაზე ადრე გაუუქმდა გამოცემა „პუბლიკას“ ოთხ და „სტუდია მონიტორის“ ასევე ოთხ ჟურნალისტს.
პარლამენტმა გაუქმების საფუძვლად ორივე შემთხვევაში ის მიუთითა, რომ აკრედიტაციის მქონე ეს ჟურნალისტები მორიგი სესიის პერიოდში პარლამენტში ზედიზედ 10 კვირის განმავლობაში არ ყოფილან. ეს კი იმის პარალელურად, რომ პარლამენტმა თებერვალში ორჯერ უთხრა უარი „სტუდია მონიტორის“ აკრედიტაციის არმქონე ჟურნალისტს დროებით საშვის გაცემაზე.
თვალსაჩინოა ცენზურის ნორმალიზებისა და სარედაქციო საქმეებში ჩარევის მცდელობა და განზრახვა, რომ დამოუკიდებელ მედიასაშუალებაში მომუშავე ჟურნალისტებს, მათ შორის, გამომძიებელ ჟურნალისტებს, კიდევ უფრო შეეზღუდოთ წვდომა საჯარო ინფორმაციასა და საჯარო სივრცეებზე და შეეშალოთ ხელი პროფესიული მოვალეობის შესრულებაში.
ყოველივე ეს აზარალებს საქართველოს მოსახლეობას, ტოვებს რა მათ სანდო და გადამოწმებული ინფორმაციის გარეშე მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე. ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს ამ ტენდენციის გამო და სოლიდარობას უცხადებს განგრძობითი წნეხის პირობებში გაბედულად მომუშავე დამოუკიდებელ მედიასაშუალებებსა და ჟურნალისტებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
21 მაისს კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „ფორმულა“ მის მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგის საფუძველზე „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის დარღვევის გამო, რომელიც შინაარსობრივ რეგულირებას ეხება, 2 500 ლარით დააჯარიმა.
ტელეკომპანია ფორმულას ეთერში შერჩევითად დამონიტორინგდა 21 აპრილიდან 23 აპრილის ჩათვლით პერიოდში გასული ახალი ამბების პროგრამები და მიიჩნიეს, რომ ტელევიზიამ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 54-ე მუხლის – „სამართლიანობა და მიუკერძოებლობა“ 1-ლი, მე-4 და მე-5 პუნქტები დაარღვია.
საუბარია იმ ტერმინებზე, რომლებიც მიმდინარე საანგარიშო პერიოდში „ფორმულას” ეთერში გაჟღერდა. კერძოდ:
„ოცნების სუსი“, „ქართული ოცნების მთავრობის მეთაური“, „ივანიშვილის რეჟიმი“, „რეჟიმის პროკურატურა“, „რეჟიმმა წელიწად-ნახევრიანი უკანონო პატიმრობა უკვე მიუსაჯა“, „ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრო“, „ოცნების საგამოძიებო უწყება“, „რეჟიმის ოპონენტების თქმით“, „ოცნების პრემიერი“, „ოცნების პრეზიდენტი“, „ივანიშვილის ხელისუფლება“, „პროსამთავრობო რუსთავი 2“, „რეჟიმის სასამართლო“, „ოლიგარქის გარემოცვიდან“, „რეალურად კი ევროპელმა დიპლომატმა ილაპარაკა იმაზე რის გაკეთებას აპირებს ევროკავშირი საქართველოსთვის, ასევე აღწერა ობიექტური მოცემულობა“, „ივანიშვილის ხელისუფლება კი საკუთარი პროპაგანდისტების საშუალებით ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ ევროპის ქვეყნებში აღიარებული მედიკამენტი ბავშვებისთვის საშიშია“, „ქართული ოცნების მთავრობის ადმინისტრაციასთან“ და სხვ. – დეპარტამენტის დასაბუთებით, ამ ფრაზების გამოყენებით „ფორმულამ“ მიმდინარე საკითხები მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე გააშუქა, რითაც კანონს არღვევს.
დღეს, 22 მაისს კი პარლამენტის აპარატის უფროსის, კახა ოქროჯანაშვილის ბრძანების საფუძველზე, „პუბლიკას“ აკრედიტაცია ვადაზე ადრე გაუუქმდა.
ბრძანების მიხედვით, გაუქმების მიზეზად მორიგი სესიის პერიოდში (19.02.2026-15.05.2026) ზედიზედ 10 კვირის განმავლობაში „პუბლიკის“ აკრედიტებული ჟურნალისტების პარლამენტში არყოფნაა დასახელებული. „პუბლიკას“ პარლამენტში აკრედიტებული 4 ჟურნალისტი ჰყავდა.
როგორც „პუბლიკას“ პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ამ მუხლის მითითებით პარლამენტში ჟურნალისტებს აკრედიტაცია ვადაზე ადრე გაუუქმდათ. აღნიშნული წესი 2023 წლიდანაა ძალაში.
ამავე მიზეზით აკრედიტაცია გაუუქმდა „მონიტორის“ ჟურნალისტებსაც.
ბრძანების მიხედვით, გაუქმების მიზეზად მორიგი სესიის პერიოდში (05.02.2026-17.04.2026) ზედიზედ 10 კვირის განმავლობაში „სტუდია მონიტორის“ აკრედიტებული ჟურნალისტების არყოფნა დასახელდა.
„მონიტორში” აცხადებენ, რომ პარლამენტის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.