მმართველი პარტია VS სამოქალაქო სექტორი – როგორია დეპოლარიზაციის პუნქტის შესრულების გეგმა

პუბლიკა

ევროპულმა საბჭომ 23 ივნისის გადაწყვეტილებით, მხარი დაუჭირა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის დადასტურებას და ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, თუკი ქვეყანა  ევროკომისიის მიერ გაწერილ რეკომენდაციებს შეასრულებს.

„პუბლიკა“ შემოგთავაზებთ მასალებს და გაგაცნობთ ევროკომისიის რეკომენდაციების რამდენიმე საკვანძო პუნქტზე „ოცნებისა“ და სამოქალაქო სექტორის თვალთახედვას. შევეცდებით, გაჩვენოთა, რომელი ღონისძიებებია უფრო მკაფიო და  რამდენად მიიყვანს ქვეყანას მმართველი პარტიის შემოთავაზებული გეგმა მიზნამდე – მიიღოს საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსი.

იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა შეასრულოს ევროკომისიის მიერ რეკომენდირებული 12 პუნქტი.

პირველი პუნქტი ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის პრობლემას შეეხება.

უფრო კონკრეტულად კი, პირველ პუნქტში ნათქვამია, რომ საქართველომ უნდა უპასუხოს პოლიტიკური პოლარიზაციის პრობლემას, 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთების შესაბამისად, პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობით.

თავის მხრივ, 19 აპრილის შეთანხმებაში ნათქვამია, რომ უნდა დასრულდეს არსებული პოლიტიკური უთანხმოება და წინ წაიწიოს საქართველოს დემოკრატიული და კანონის უზენაესობის დღის წესრიგმა, პოლიტიკური, მართლმსაჯულებისა და ანტიკორუფციული რეფორმების გატარების გზით.

„ქართული ოცნება“ დეპოლარიზაციის შემცირების საშუალებად აგრესიულ რიტორიკაზე მორატორიუმის გამოცხადებასა და პარლამენტში პოლარიზაციის მონიტორინგის ჯგუფის შექმნას განიხილავს. არასამთავრობო სექტორს კი პირველი პუნქტის შესრულების გზად კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილება ესახება, რომელიც პარლამენტში ძალთა გადანაწილებას უზრუნველყოფს, კომიტეტების თავმჯდომარეებად ოპოზიციის წარმომადგენლების დანიშვნის გზით. „ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ პირველი პუნქტის შესრულების შეთავაზებული გზა სხვა არაფერია, თუ არა „პოლიტიკური თანამდებობის მიღების“ მცდელობა.

როგორ უნდა შესრულდეს პირველი პუნქტი – დეპოლარიზაციის შესახებ „ოცნების“ გეგმის მიხედვით?

1 ივლისს მმართველი გუნდის პოლიტიკურმა საბჭომ ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულებაზე იმსჯელა. საბჭოს დასრულების შემდგომ, ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ  მმართველი გუნდი უზრუნველყოფს ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულებას „სათანადო დროში და სათანადო ხარისხით“ .

უფრო კონკრეტულად კი, პირველი პუნქტის შესასრულებლად, „ოცნების“ გეგმის მიხედვით, უპირველესად მნიშვნელოვანია, შემცირდეს რადიკალური დაპირისპირება პოლიტიკურ ძალებს შორის და გამოცხადდეს ერთგვარი მორატორიუმი აგრესიულ რიტორიკაზე.

კერძოდ,  ოპოზიციამ მომდევნო 6 თვის განმავლობაში თავი უნდა შეიკავოს იმგვარი რიტორიკისგან, რომელიც ხელისუფლების საშინაო და საგარეო ლეგიტიმაციის არაღიარებას გულისხმობს.

„ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ იგივე ეხება მედიასაც და არასამთავრობო ორგანიზაციებს.

„ოცნების“ გეგმის მიხედვით, დეპოლარიზაციის ხელშესაწყობად, საქართველოს პარლამენტის ბაზაზე შეიქმნება პოლარიზაციის მონიტორინგის ჯგუფი ყველა საპარლამენტო პარტიის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით, რომელიც განახორციელებს პერმანენტულ მონიტორინგს და საზოგადოებას წარუდგენს ყოველკვირეულ ანგარიშს, პოლარიზაციის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული მდგომარეობისა და ტენდენციების შესახებ.

მონიტორინგის ანგარიშში აისახება რეკომენდაციები პოლიტიკური პარტიების, მედიასაშუალებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკურ პროცესებში ჩართული სხვა სუბიექტების მიმართ.

მონიტორინგის ჯგუფის შემადგენლობა და მუშაობის ფორმატი დაზუსტდება საპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან კონსულტაციის საფუძველზე.

პირველი პუნქტის შესრულების კოორდინაციას უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

როგორია პირველი პუნქტის შესრულების გზა არასამთავრობო სექტორის გეგმით? 

მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილი გეგმის გამოქვეყნებიდან მალევე, 3 ივლისს, 22-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ წარმოადგინა ალტერნატიული სამოქმედო გეგმა.

არასამთავრობო სექტორის შეფასებით, „ოცნების მიერ წარმოდგენილი გეგმა არ არის კონკრეტული და მხოლოდ პროცედურული საკითხებია გაწერილი“. ამიტომ ხედავენ რისკს, რომ ამ გეგმის მიყოლა ფორმალურ ხასიათს მიიღებს, რომელიც დროში გაიწელება და 6 თვის თავზე შედეგს ვერ მოიტანს.

არასამთავრობოების გეგმის მიხედვით, იმისათვის, რომ პირველი პუნქტი შესრულდეს, მოხმობილია 19 აპრილის შეთანხმებაში შემოთავაზებული გეგმა პარლამენტში ძალაუფლების განაწილებასთან დაკავშირებით.

კერძოდ, პარლამენტში, 5 კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა უნდა დაიკავონ საპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა. ამ ხუთ კომიტეტს შორის ორი სავალდებულოა, იყოს საფინანსო-საბიუჯეტო და ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტები. დანარჩენი სამი კომიტეტი, რომლის თავმჯდომარეც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი იქნება, განისაზღვრება ოპოზიციასა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის შეთანხმებით.

ერთ-ერთი მუდმივი საპარლამენტო დელეგაციის თავმჯდომარე საპარლამენტო ოპოზიციის წევრი იქნება.

საამისოდ პარლამენტმა ცვლილებები უნდა შეიტანოს თავის რეგლამენტში. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა შეიმუშავეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის წარდგენაც დაუყოვნებლივ არის შესაძლებელი პარლამენტისათვის.

პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე კანონპროექტი შეუძლია დააინიციროს დეპუტატმა, კომიტეტმა ან ფრაქციამ. საჭიროა უბრალო უმრავლესობა (76 ხმა), პარლამენტის სრული შემადგენლობიდან (150 ხმა) „ქართულ ოცნებას“ 81 დეპუტატი ჰყავს. კანონპროექტის მიღება შესაძლებელია სტანდარტული წესით 6 კვირაში, ხოლო დაჩქარებული წესით 1 კვირაში.

წარმოდგენილი რეკომენდაციების შესრულებაზე იმსჯელა ოპოზიციის ნაწილმა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდგომ კომენტარებიდან გახდა ცნობილი, ისინი დიდწილად იზიარებენ და ეთანხმებიან არასამთავრობო სექტორის მიერ წარდგენილ გეგმას, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ თავიანთი ალტერნატიული წინადადებებიც წარმოადგინონ.