ეს არის ჩვენი საკანონმდებლო ორგანოს გადასაწყვეტი - პრემიერი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე

პუბლიკა

„ეს არის ჩვენი ქვეყნის გადასაწყვეტი; ჩვენი საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილება. ბუნებრივია, კანონმდებლები იმიტომ გვყავს ქვეყანას და იმიტომ ვირჩევთ, რომ მათ მუდმივად იმსჯელონ, იფიქრონ, იმუშაონ, თუ როგორ დახვეწონ კანონმდებლობა და ინსტიტუტები, რომ ინსტიტუტები მოიმართონ კიდევ უფრო ეფექტურად და ეფექტურად მოემსახურონ ჩვენს მოსახლეობას“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, „ამაში არსებობს მთავარი იდეა და მთავარი აზრი“. მისივე თქმით, ყველა ინსტიტუტი, რომელიც ქვეყანაში არსებობს, მათი დანიშნულებაა, რომ ქვეყანას და მოსახლეობას მოემსახუროს ეფექტიანად.

„თუ ხელისუფლება თვლის, ანალიზს უკეთებს და ამას გამყარებული აქვს მოსაზრება არგუმენტებით, რა თქმა უნდა, ეს არის ხელისუფლების პრეროგატივა და აბსოლუტური და ექსკლუზიური, დისკრეციული უფლება, რომ მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები, მათ შორის, შეცვალოს, გააუმჯობესოს ესა თუ ის ინსტიტუტი, სამსახური, რეფორმა მოახდინოს.. აბა თუ ჩვენ ვიტყვით, რომ სტატიკური მდგომარეობაა და არაფერს არ ვეხებით, მაშინ ეს, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება მთავარ იდეას და პრინციპს, რომ ესაა ცოცხალი პროცესი. სახელმწიფო ცხოვრობს, მუშაობს, სიტუაცია მუდმივად იცვლება“, – განაცხადა პრემიერმა.

შეკითხვაზე, რატომ იხილავენ ამ კანონპროექტს დაჩქარებულად, ირაკლი ღარიბაშვილი პასუხობს:

„მე არ ვიცი. მე არ მინდა დეტალებში შევიდე. პარლამენტს თავისი გეგმა, გრაფიკი და დღის წესრიგი აქვს. მე ვიცი, რომ თვის ბოლომდე პარლამენტი ცდილობს, რომ ყველა ის მიმდინარე საკითხები დახუროს, შემდეგ არის არდადეგები, მანამ, სანამ გაიხსნება საგაზაფხულო სესია. ალბათ, აქედან გამომდინარე არის ნაკარნახევი ეს „სიჩქარე“. მაგრამ მე სიჩქარეს ვერ დავარქმევდი. მთავარი კითხვა მდგომარეობს შემდეგში – რაიმეს უკანონოს აკეთებს ჩვენი პარლამენტი? პასუხი არის მარტივი – არა.

შესაბამისად, თუ ჩვენი კანონმდებლობა – საპარლამენტო რეგლამენტი ითვალისწინებს, მათ შორის, დაჩქარებული წესით მიღებას კანონპროექტის, მაშინ რატომ არა? და თუ ახლა მეორე მხარის არგუმენტი იქნება, რომ რატომ არ მოხდა ამის განხილვა ოპოზიციის ჩართულობით და ა.შ. ვის აქვს ილუზია, რომ ოპოზიცია მიიღებს მონაწილეობას კონსტრუქციულ რეჟიმში ამა თუ იმ კანონპროექტის განხილვაში?!“, – აღნიშნა პრემიერმა.

ღარიბაშვილმა ამ თემაზე საუბრისას დასკვნის სახით განაცხადა, რომ „ესა თუ ის რეფორმა ემსახურება გაჯანსაღებას და სამსახურის გაძლიერებას“.

„..მით უმეტეს, იდეაში, დაგეგმილი არის ამ სამსახურის გარდაქმნა, გაყოფა ორ სამსახურად და მისი კიდევ უფრო გაძლიერება – კიდევ უფრო მეტი დამოუკიდებლობა რომ ჰქონდეს, მეტი ტრანსფარენტულობა, მეტი უფლებები, მე მგონი, ეს ყველაფერი კარგია – პერსონალური ცალკე გამოიყოფა, ჩვენ არ ვაუქმებთ, ბუნებრივია და ცალკე იქნება საგამოძიებო სამსახური – კიდევ უფრო ძლიერი, კიდევ უფრო მეტი უფლებებით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.