ეს არის ჩვეულებრივი სავაჭრო ურთიერთობები - ღარიბაშვილი რუსეთთან პირდაპირ ფერენებზე

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ეკონომიკურ ფორუმზე უპასუხა შეკითხვებს, რომლებიც რუსეთთან პირდაპირი ფრენის აღდგენას შეეხებოდა.

ღარიბაშვილი განმარტავს, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენის აღდგენა „ეს არის ჩვეულებრივი სავაჭრო ურთიერთობა.“

„ეს არის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობის ნაწილი რუსეთთან. ჩვენ არ გვითქვამს, რომ შევაჩერებდით ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან. ბევრ ქვეყანას აქვს ფრენები რუსეთთან, მაგრამ ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ არცერთი სანქცირებული კომპანია, არცერთი სანქცირებული ავიახაზი არ იფრენს საქართველოში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა და დაამატა, რომ ეს პოზიცია მტკიცედ შენარჩუნდება.

ღარიბაშვილს ასევე ჰკითხეს, სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციის შესახებ, რომლის მიხედვითაც, ახლა არ არის იმისი დრო, რომ ნებისმიერმა ქვეყანამ რუსეთთან ურთიერთობები გაზარდოს, ამ კონტექსტში პირდაპირი ფრენის აღდგენით ხდება თუ არა „მეგობრების გაღიზიანება?“

პასუხად ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია და ქვეყანა მადლიერია ყველაფრისთვის, რაც ამერიკას საქართველოსთვის გაუკეთებია. მანვე მადლიერება გამოხატა ევროკავშირის მიმართ.

„საქართველოს აქვს სუვერენული უფლებები, რომ ჰქონდეს საკუთარი ეროვნული ინტერესები, როგორც განვმარტე, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები გვაქვს რუსეთთან, მილიონი ეთნიკურად ქართველი გვყავს, რომელიც რუსეთში ცხოვრობს დიასპორის სახით და პირდაპირი ფრენა რუსეთთან მე მგონი ჩვეულებრივი ამბავია; თან ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაიმე პოლიტიკურ კონსულტაციებს ვაწარმოებთ რუსეთთან. როგორც ვახსენე ეს არის ჩვენი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების შემადგენელი, ისევე, როგორც ევროკავშირი და ამერიკა იქცევა რუსეთთან“, – განაცხადა ღარიბაშვილმა [„მაესტროს“ თარგმანი]

10 მაისს ცნობილი გახდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ახალი განკარგულება, რომლის მიხედვითაც, საქართველოსთან სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდა, ასევე, რუსეთმა მოხსნა საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე აკრძალვა.

15 მაისს საქართველოს ავიაციის სააგენტომ საქართველოს მიმართულებით ფრენის ნებართვა ავიაკომპანია Azimuth Airline-ს მისცა.  სამოქალაქო ავიაციაში ამბობენ, რომ ავიაკომპანია Azimuth Airlines არ იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში. მათივე ცნობით, კომპანია კვირაში 7 რეისს შეასრულებს. სააგენტომ ნებართვა მისცა ფრენაზე ასევე „ჯორჯიან ეარლაინსს“. დღეს ცნობილი გახდა, რომ კიდევ ერთ კომპანიას მისცა ნებართვა სააგენტომ და  ავიაკომპანია „Red Wings“  თბილისი-სოჭი და მოსკოვი ქუთაისის მიმართულებით იფრენს.