„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული კომენტარი, რომ „გიორგი ვაშაძე გადავიდა ბნელ მხარეს“ ცუდი განცხადებაა და პუტინისტური რუსეთისთვისაა დამახასიათებელი.
„მიხეილ სააკაშვილის ეს განცხადება ცუდი განცხადებაა არა იმიტომ, რომ ბატონი ვაშაძის ადვოკატი ვარ მე, ისიც ჩვენი კონკურენტია როგორც პარტია პროპორციულ არჩევნებში. მაგრამ თავისთავად, ამ ტიპის თამაშის ის წესები, რომ გუშინ ერთად ვიყავით, მაგრამ თუ რაღაცაზე ვერ ვთანხმდებით, მერე უცებ მოღალატე ხდები, ეს არის ზუსტად პუტინისტური რუსეთის კლიმატი და ბიძინა ივანიშვილის. ეს არანორმალურია“, – თქვა გიგა ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში.
ბოკერიას თქმით, როგორც „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ისე გიორგი ვაშაძესთან კონკურენციის მიუხედავად, ისინი თანამშრომლობენ შეთანხმებულ ოლქებში და მხარს დაუჭერენ ისანში ვაშაძის კანდიდატურას.
„ის არის ჩვენი კონკურენტი, მაგრამ ის არის შეთანხმებული კანდიდატი ყველა პარტიას შორის ისანში და ჩვენ მას ვუჭერთ მხარს, ისევე, როგორც ნიკა მელიას ვუჭერთ მხარს სხვაგან, შალვა ნათელაშვილს და შეთანხმების ნებისმიერ მონაწილეს“, – დასძენს ბოკერია.
გიორგი ვაშაძემ თაკო ჩარკვიანთან ერთად კოალიცია „ძალა ერთობაშია“ დატოვა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად გასვლა გადაწყვიტა. ამის შემდეგ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გიორგი ვაშაძის შესახებ გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ გიორგი ვაშაძე „გადავიდა ბნელ მხარეს“ და „მთელი ცხოვრება ხელით ვერავის ათრევს“.
მიხეილ სააკაშვილის კომენტარს უპასუხა თავად გიორგი ვაშაძეცამც. „ჩვენ ვართ ის ძალა, ვინც გაიმარჯვებს ბნელ მხარეზე!“, – ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებელის“ დამფუძნებელი ექსპრეზიდენტს.