„ეს არის დარღვევა, რომელსაც აუცილებლად სჭირდება სამართლებრივი რეაგირება“ - სარჯველაძე რესპუბლიკურის ექიმ ჯუმბერ ბოლქვაძეზე

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ბათუმში ექიმების პროტესტს ეხმაურება და ამბობს, რომ „სამწუხაროდ, დიდ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი“.

სარჯველაძე ირწმუნება, რომ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელმა, ჯუმბერ ბოლქვაძემ სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილება თავად მიიღო.

სარჯველაძე ექიმს „სამართლებრივი რეაგირებით“ ემუქრება. მინისტრის მტკიცებით, კლინიკის რეანიმაციულ და ემერჯენსის განყოფილებაში „საკმარისი ადგილები“ იყო და ემერჯენსის უფროსმა განზრახ არ მიიღო კლინიკაში ახალი პაციენტი.

„ბათუმთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, დიდ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, რომელიც იმპულსურად შეიქმნა. ვითარება ასეთია: ივნისის დასაწყისში ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ნაოპერაციებ 85 წლის ქალს ოპერაციის შემდგომი გართულების გასწორება დასჭირდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური დაუკავშირდა კლინიკას, თუმცა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ კონკრეტულმა თანამდებობის პირმა პაციენტის მიღებაზე მიზეზის დაუკონკრეტებლად განაცხადა უარი.

სრულიად უმნიშვნელოა, როგორ გააფორმა მან ეს ყველაფერი – მთავარია, რომ ექიმი უარს ამბობდა პაციენტისთვის საჭირო სამედიცინო დახმარების გაწევაზე, რაც ნებისმიერი ექიმისგან აბსოლუტურად მიუღებელია. ამას ყოველთვის შევეწინააღმდეგებით. ასე რომ, ბატონი ჯუმბერისთვის გასაგები იყო, რომ მას ამაზე პასუხის გება მოუწევდა.

მიზეზად იმის დასახელება, თითქოს ადგილები არ იყო, აბსოლუტური ტყუილია. იმ წუთას საავადმყოფოში საკმარისი ადგილები იყო როგორც ემერჯენსის, ისე რეანიმაციულ განყოფილებაში. ამის დასტურია ისიც, რომ მას შემდეგ, რაც ლამის მე და რამდენიმე ხელმძღვანელი პირი პირადად ჩავერიეთ, იმავე კლინიკაში პაციენტის მიღება შესაძლებელი გახდა. ამას ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ერთი კონკრეტული პირი აბსოლუტურად უსაფუძვლოდ ამბობდა პაციენტის მიღებაზე უარს.

ეს არის დარღვევა, რომელსაც აუცილებლად სჭირდება სამართლებრივი რეაგირება. ამის შემდეგ ბატონმა ჯუმბერმა, ისე, რომ მისგან კაციშვილს არ მოუთხოვია, თავად მიიღო გადაწყვეტილება წასვლის შესახებ. მან განაცხადა, რომ სექტემბრის ბოლოს სამსახურიდან წასვლას აპირებდა. ჩემთვის მოულოდნელი იყო მოვლენების ასეთი განვითარება. ამ ყველაფრის ფონზე, აჟიოტაჟის საფუძველი არ არსებობს და მან, სიმართლე გითხრათ, თავი უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდო. გუშინ საღამოს დაწესებულების მენეჯმენტს შევხვდი. როდესაც დოკუმენტირებულად მივაწოდე ინფორმაცია ყველა გარემოებაზე, მათთვისაც ბევრი რამ გახდა გასაგები.

ამიტომ, ვიდრე ქარიშხლებზე ვისაუბრებთ, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს რასთან გვაქვს საქმე. ეს კატეგორიულად მიუღებელი მოვლენაა, რომელსაც სამართლებრივი რეაგირება სჭირდება. სამართლებრივი რეაგირება იქნება აუცილებლად, მიუხედავად იმისა, უნდა ეს ვინმეს, თუ არ უნდა, რა ფორმას ირჩევს თავის დასაცავად და ა.შ.“, – თქვა სარჯველაძემ.

გუშინ, 1 ოქტომბერს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან ექიმებმა აქცია გამართეს. ექიმების განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გადაუდებელი მედიცინის (ემერჯენსის) განყოფილების ხელმძღვანელის, ჯუმბერ ბოლქვაძისგან თანამდებობის დატოვებას მოითხოვს, რაც, მათი შეფასებით, უსამართლო გადაწყვეტილებაა.

ჯუმბერ ბოლქვაძე 2017 წლიდან ბათუმის რესპუბლიკის საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების სამსახურში მუშაობს.

„აგრესიული, ხმამაღალი“, – ასე გაიხსენა ჯუმბერ ბოლქვაძემ ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრა.

ექიმები ამბობენ, რომ სავარაუდო მიზეზი რამდენიმე კვირის წინ მომხდარი ამბავია, როცა კლინიკამ გადატვირთულობის გამო პაციენტის მიღება ვერ შეძლო და სასწრაფო დახმარების ბრიგადის კითხვაზე – თუ სად წაეყვანა პაციენტი, ჯუმბერ ბოლქვაძემ უპასუხა, რომ უნდა წაეყვანათ ჯანდაცვის მინისტრთან. ექიმის თქმით, ამის შემდეგ მოიძია ჩანაწერი მინისტრმა და მოითხოვა ბოლქვაძის გათავისუფლება.

„ეს არის ჩვეულებრივი სიტყვის მასალა ფორსმაჟორულ სიტუაციაში. უდანაშაულოდ, იურიდიული საფუძვლის გარეშე მომთხოვონ თანამდებობის დატოვება, ამის უფლება მგონი, არ აქვთ. დღეს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი მოვიდა და მოითხოვა, რომ დამეტოვებინა კლინიკა. სხვადასხვა ზარებიც ხორციელდებოდა ჩემთან, რომ დამეტოვებინა თანამდებობა და გადავსულიყავი სხვაგან. კონკრეტული ფრაზის გამო ვისჯები, რომელიც დანაშაული არ არის. არ მიმიტოვებია პაციენტი. აღმოჩნდა, რომ ეს ერთი ფრაზა შეიძლება გახდეს მთელი ჩემი კარიერის და საექიმო საქმიანობის დასასრული“, – ამბობს ჯუმბერ ბოლქვაძე.