„ეს არის ენის შეურაცხყოფა" - „სეკურიტიზაციის შესახებ“ კანონპროექტის სახელწოდების განხილვა პარლამენტში

პუბლიკა

„მგონი, ძალიან უხერხულია „სეკურიტიზაციის შესახებ“ ერქვას კანონს, როდესაც ქართულ ენაში რამდენიმე სიტყვა გვაქვს ამის შესაფერისი“, – ასე გამოეხმაურა „მოქალაქეების“ წევრი, ლევან იოსელიანი 17 ოქტომბერს, პარლამენტში, ბიუროს სხდომაზე კანონპროექტის სახელწოდებას.

მისი თქმით, მიუღებელია, საკანონმდებლო დონეზე ბარბარიზმების დამკვიდრება.

„ბატონო შალვა, მგონი, ძალიან უხერხულია „სეკურიტიზაციის შესახებ“ ერქვას კანონს, როდესაც ქართულ ენაში რამდენიმე სიტყვა გვაქვს ამის შესაფერისი. ეს არის, როგორც ჩვენი ენის შეურაცხყოფა, ასევე რაღაც უაზრო ბარბარიზმების დამკვიდრება საკანონმდებლო დონეზე, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია. ამიტომ, ძალიან გთხოვთ, ეს კანონი გაიხმონ უკან და წარმოადგინონ შესაბამისი გამართული ქართულით, რაც უნდა ერქვას კანონს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პირველი მოსმენის ფარგლებში სათაურის კორექტირება შესაძლებელია.

მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ვახტანგ ბაჩიაშვილის განცხადებით, კანონპროექტის სახელწოდების შესახებ ენის დეპარტამენტიც იყო ინფორმირებული.

„ეს საკითხი ჩვენ ენის დეპარტამენტშიც გვქონდა გაგზავნილი, ეს კონკრეტულ დაფინანსებასთან დაკავშირებული კანონპროექტია. ერთადერთი ვარიანტი ამის შესატყვისი იყო „გაფასიანქაღალდება“, რაც ვიფიქრეთ, რომ უფრო არაადეკვატური და არასწორი იყო. „გაფასიანქაღალდება“ არის პირდაპირ ქართული შესატყვისი. ამიტომ, რადგან ეს ტერმინი საერთაშორისო დოკუმენტაციაში გამოიყენება და სხვა ენებშიც ასეთი ფორმით არის დამკვიდრებული… გაცილებით უფრო მდიდარი ენებია, რომლებიც ამ ტერმინს იყენებს. ჩავთვალეთ, რომ მიზანშეწონილი იქნებოდა ასე წარმოგვედგინა. ტერმინთა განმარტებაში განმარტებულია, რას ნიშნავს“, – აღნიშნა ბაჩიაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს წევრებს შესთავაზა საკითხი კომიტეტის ფარგლებში განიხილონ.

 

LB loan image desktop LB loan image mobile