ეს არის ფსკერი და ამორალურობა - დეკანოიძე გობეჯიშვილის გარდაცვალებაზე „ოცნების" განცხადებას აფასებს

პუბლიკა

„ეს არის ფსკერი და ამორალურობა”, – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე „ქართული ოცნების” წევრების განცხადებას ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალებაზე.

„ის, რაც იკადრეს და რასაც კადრულობენ „ქართული ოცნების”, კობახიძისა და ბიძინა ივანიშვილის მონები და მსახურები, ეს სცდება ყოველგვარ ზღვარს, არის ფსკერზე უფრო ქვემოთ, ვინაიდან გაყალბებული არჩევნების შემდეგ, უამრავ ადამიანსა და კომისიის წევრზე ზეწოლის შემდეგ, გამოდიან და ჰყოფნით იმის თავხედობა და უტიფრობა, რომ კვლავ ადამიანების სიცოცხლეზე პოლიტიკური მანიპულაციებით ისაუბრონ…

ნუთუ არ გაგაჩნიათ ელემენტარული მორალი, ელემენტარული ადამიანობა, რომ დღეს, ამ სიტუაციაში, ადამიანის სიცოცხლით არ ივაჭროთ და პოლიტიკურ მანიპულაციებზე არ ისაუბროთ…

თქვენ ხართ ამორალური ადამიანები, ფსკერი, ვინაიდან დღეს ბედავთ და რაფალიანცის შემთხვევის შემდეგ იგივე ამორალურობასა და ფსკერზე საუბრობთ…

თუ ჩატარდება ობიექტური გამოძიება (და ობიექტური გამოძიება აუცილებლად ჩატარდება მას შემდეგ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი წავა და ჩამოსცილდება ხელისუფლებას), რა თქმა უნდა ჩვენ გავიგებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან ნამდვილად აქვს ძალადობას ადგილი ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც მონაწილეობა ამ პროცესში…”, – ამბობს ხატია დეკანოიძე.

„ქართული ოცნების” წევრების თქმით, კომისიის თავმჯდომარე თედო გობეჯიშვილსა და სხვა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებზე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მხრიდან ზეწოლა და მუქარა ხდებოდა. ამგვარი განცხადებები დღეს ბექა დავითულიანმა და გიორგი ხელაშვილმა გააკეთეს.

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ იმ ღამეს, როდესაც ეს ტრაგიკული შემთხვევა მოხდა და გარდაიცვალა ბატონი თედო, მასთან მისულები იყვნენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული პირები და სთხოვდნენ კონკრეტული რაღაც განცხადებების გაკეთებას, ასევე ემუქრებოდნენ მას და მის ოჯახს რეპრესიებით, თუ არ დათანხმდებოდა“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისმობს.