„მასზე ენმ-ის აქტივისტების ზეწოლა მოხდა" - „ქართული ოცნების“ წევრი ისნის საოლქოს გარდაცვლილ თავმჯდომარეზე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ წევრი გიორგი ხელაშვილი ბრიფინგზე გამოეხმაურა ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების ფაქტს.

მისი თქმით, მასზე და სხვა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებზე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მხრიდან ზეწოლა და მუქარა ხორციელდებოდა.

„ჩვენი ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები გუშინ რამდენიმე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს რეპრესიებით ემუქრებოდნენ ზეწოლისა და მუქარის გამოყენებით. ერთ-ერთი ამგვარი ზეწოლის შემთხვევა მოხდა სწორედ ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის მიმართ, რომელიც გარდაიცვალა. ჩვენ მოვუწოდებთ სამართალდამცველებს, დაუყოვნებლივ აღძრან სისხლის სამართლის საქმე ამ მიმართულებით”, – განაცხადა ხელაშვილმა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, მოულოდნელად გარდაიცვალა ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თედორე გობეჯიშვილი.