„ეს არის მათი უფლება“ | მდინარაძე ოპოზიციის წევრების მიერ მანდატების დატოვებაზე

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა. სხდომის შემდეგ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მისი თქმით, შეხვედრა საპარლამენტო საქმიანობასა და იმ საკითხების განხილვას დაეთმო თუ რა აქვს უმრავლესობას გასაკეთებელი. როგორც მან თქვა, განიხილეს ის საკანონმდებლო ინიციატივები, რის ინიცირებასაც პარლამენტში გეგმავენ.

რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების მხრიდან საპარლამენტო მანდატების დატოვების საკითხს, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ამაზე უმრავლესობა იმსჯელებს და გადაწყვეტილება ამ დეპუტატების სურვილის მიხედვით მოხდება.

„ეს არის მათი უფლება. ორჯერ ჩვენ მათ არ შევუწყვიტეთ მანდატები, მათი განცხადებებისა და მათი დაწერილი სურვილების მიუხედავად. მე ვფიქრობ, რომ ხვეწნა არავის უნდა დავუწყოთ. წინ სამი წელი გვაქვს, სადაც არც არჩევნებია და არც სპეკულაციების ამგვარი საშუალებები მიეცემათ, როგორც აქამდე იყო. საარჩევნო რეჟიმში ამას უფრო ახერხებდნენ. მე არ ვფიქრობ, რომ უნდა შევუზღუდოთ საკუთარი სურვილის რეალიზება. ამაზე კიდევ ერთხელ ვიმსჯელებთ უმრავლესობის სხდომაზე. ისე გადაწყდება, როგორც მათ ექნებათ სურვილი,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


გუშინ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო მანდატს ტოვებს.

დღეს მანდატის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო ენმ-ის წევრმა ნონა მამულაშვილმა, ანი წითლიძემ და ლევან ვარშალომიძემ. ასევე „გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ.

დღეს პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არჩევნების მეორე ტურს გამოეხმაურა. სააკაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციას გამარჯვება წაართვა და მოქალაქეებმა ვადამდელი არჩევნებისთვის უნდა იბრძოლონ.