„საქმის განხილვისას თქვენ გულდასმით ისმენდით მოწმეთა ჩვენებებსა და წერილობით მტკიცებულებებს, ყურადღებით გაეცანით აუდიო-ვიდეო ჩანაწერებს, რა დროსაც ერთ წინადადებაც კი ვერ მოისმინეთ პაატა მანჯგალაძის მხრიდან რაიმე უკანონო ქმედების ან დანაშაულებრივი უმოქმედობის ჩადენის თაობაზე”, – განაცხადა დასკვნით სიტყვაში პაატა მანჯგალაძის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ.
დღეს, 30 აპრილს სასამართლომ 4 ოქტომბრის ორგანიზატორად მიჩნეული პირების საქმეზე დასკვნითი სიტყვები მოისმინა.
მანჯგალაძეს პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება.
ბასილაიას თქმით, დაცვის მხარემ წარმოადგინა რამდენიმე ვიდეოჩანაწერი, სადაც პაატა მანჯგალაძე ნათლად აფიქსირებს, რომ ის არ არის 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორი; არ აქვს არავითარ საორგანიზაციო საკითხებთან შეხება ორგანიზატორებთან; უერთდება სრულიად მშვიდობიან აქციას, როგორც მხარდამჭერი.
„…აღნიშნული ვიდეოჩანაწერები უტყუარად ადასტურებს, რომ პაატა მანჯგალაძე არათუ რაიმე დანაშაულებრივი ქმედების, არამედ საერთოდ 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორიც არ ყოფილა”, – ამბობს ბასილაია.
მისივე თქმით, პაატა ბურჭულაძის მხრიდან პაატა მანჯგალაძის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრად დასახელებას არ ჰქონია რაიმე პრაქტიკული დატვირთვა.
„სასამართლოში ჩვენების მიცემისას პაატა ბურჭულაძემ მკაფიოდ დაადასტურა, რომ:
ა. ბუნებაში არ არსებობდა 4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტი;
ბ. 4 ოქტომბერს საორგანიზაციო კომიტეტის გამოგონებას ჰქონდა ერთადერთი მიზანი – ვინმეს, ნებსით თუ უნებლიედ, კეთილშობილური თუ პროვოკაციული მიზნით, არ მოეხდინა ისეთი ინფორმაციის გავრცელება ან არ გაეკეთებინა ისეთი მოწოდება, რაც აქციაზე მოსულ ხალხში შფოთს ან რაიმე უკანონობას გამოიწვევდა.
სახელდახელოდ გამოგონილი კომიტეტის წევრად პაატა მანჯგალაძის დასახელებას კი ჰქონდა ერთადერთი მიზეზი – მას იცნობდა კეთილსინდისიერ ადამიანად, შესაბამისად მიიჩნევდა, რომ მისი მხრიდან რაიმე შფოთის, არეულობის შემომტანი განცხადება არ გაკეთდებოდა;
გ. პაატა მანჯგალაძემ წინასწარ არაფერი იცოდა პაატა ბურჭულაძის მიერ წაკითხული ეროვნული კრების დეკლარაციის თაობაზე;
დ. პაატა მანჯგალაძეს არავითარი მონაწილეობა აქციის ორგანიზებაში არ მიუღია”, – განაცხადა მანჯგალაძემ.
რაც შეეხება ორბელიანის მოედანზე განვითარებულ მოვლენებს, ბასილაიას თქმით, მასთან არც ფიზიკური, არც სატელეფონო და არც რაიმე სხვაგვარი კავშირი პაატა მანჯგალაძეს არცერთ ეტაპზე არ ქონია. მისი თქმით, შეუძლებელია პაატა მანჯგალაძეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებული მოვლენების გამო.
„ბრალდების მხარის დასკვნით სიტყვაში განვითარებული მსჯელობა იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტის სასახლის მიმართულებით გადაადგილება არა სპონტანური, არამედ დაგეგმილი იყო, მცდარია. ბრალდება ცდილობს წყლის ჭავლგამოვლილი, მხუთავგაზნაყლაპი უაღრესად აღელვებული მურთაზ ზოდელავას კომენტარის გამოყენებას ამ თეზისის გასამყარებლად, მაგრამ ბრალდებამ ვერ მოიყვანა ერთი მოწმეც კი, ვინც იტყოდა, რომ მან იცოდა 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლის მიმართულებით გადაადგილების შესახებ, ვერ მოიყვანა ერთი მოწმეც კი, ვინც იტყოდა, რომ ოპერატიული ინფორმაცია ჰქონდა პრეზიდენტის სასახლის მიმართულებით გადაადგილებასთან დაკავშირებით.
როგორ შეიძლება არსებობდეს რაიმე გეგმა, რის შესახებაც არავინაა ინფორმირებული?! ან როგორ შეიძლება დაგეგმილი ყოფილიყო პრეზიდენტის სასახლის შტურმი და ათამდე სდსს-ის თანამშრომელს შეეკავებინა შიშველი ხელებით ?! მურთაზის კომენტარი მხოლოდ მშვიდობიან მიზანს ემსახურებოდა, ორბელიანის მოედანზე დარჩენილი ხალხისთვის ტელევიზიის მეშვეობით მაინც, რომ მიეწვდინა ხმა, რომ იქ აღარავინ დარჩენილიყო.
ამასთან ჯგუფური დანაშაული აუცილებლად გულისხმობს, ჯგუფის წევრებს შორის როლების გადანაწილებას, ყოველი პირის ფუნქციის განსაზღვრას და ა.შ. ამ მიმართულებით ერთი სიტყვა მაინც ამოიკითხეთ დასკვნით სიტყვაში? ერთი მტკიცებულება მაინც გამოვიკვლიეთ სასამართლო განხილვისას? – არა! ამას აქვს კონკრეტული მიზეზი, არავითარ ჯგუფურ მოქმედებას 4 ოქტომბერს ადგილი არ ჰქონია. ხალხის სტიქიურ ბრაზს უსამართლობის წინააღმდეგ – კი ბატონო”, – განაცხადა ბასილაიამ.
პროცესზე დასკვნითი სიტყვით ასევე ისარგებლა პაატა მანჯგალაძემაც. მისი თქმით, არ არსებობს რაიმე სახის მტკიცებულება, რომ ის ძალადობას აორგნიზებდა. მან აღნიშნა, რომ დასკვნით სიტყვაში პროკურორის მიერ გაჟღერებული ფრაზები წარმოუდგენელი მასშტაბის მანიპულაციაა.
„მოგიყვანთ პროკურორის დასკვნითი სიტყვიდან ამონარიდს:„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს, ოთხ ოქტომბერს, მურთაზ ზოდელავამ, პაატა ბურჭულაძემ, ირაკლი ნადირაძემ, ლაშა ბერიძემ, პაატა მანჯგალაძემ, ნანა სანდერმა და სხვა პირებმა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით განაცხადეს, რომ თავად აორგანიზებდნენ ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებს”.
ეს არის წარმოუდგენელი მასშტაბის მანიპულაცია. არ არსებობს საქმეში არცერთი მტკიცებულება, სადაც პაატა მანჯგალაძე ვინმესთან ერთად დგას ან თუნდაც ცალკე და ამბობს, ვაორგანიზებ ძალადობრივ ქმედებებსო. მაგრამ ამასაც გავატარებდი, ვთქვათ, ეს შეიძლება ინტერპრეტაცია იყოს, შეფასება იყოს და შეიძლება, ამაზე ვიდავოთ.
შემდეგ გაგრძელება ნახეთ: „აღნიშნული მოწოდების შემდეგ პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე, მურთაზ ზოდელავა, პაატა მანჯგალაძე, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე სხვა პირები თავისუფლების მოედნიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობისკენ გაემართნენ.
ორბელიანის მოედნის მიმდებარე ქუჩებზე ჯგუფური ძალადობის მონაწილეები მძიმე საგნების გამოყენებით და ცეცხლის წაკიდებით მიზანმიმართულად ანადგურებდნენ მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებულ მუნიციპალურ და კერძო პირთა კუთვნილ ქონებას. გზის სავალ ნაწილზე აწყობდნენ ბარიკადებს, რათა წინააღმდეგობა გაეწიათ სამართალდამცავებისთვის.“
აი, რა შთაბეჭდილება დამრჩა ახლა ეს რომ წავიკითხე, რომ ე.ი. დადგა პაატა მანჯგალაძე, გამოაცხადა, რომ მე ვაორგანიზებ ძალადობრივ ქმედებებსო, მერე გაემართა პრეზიდენტის სასახლისკენ იარაღებით აღჭურვილი, მძიმე საგნებით, როგორც გამოძიება გვაბრალებს, მერე გზაში რაც ხვდება ყველაფერს ანადგურებს, თურმე ცეცხლს ვუკიდებ ამ ყველაფერს, შემდეგ მივდივარ პრეზიდენტის სასახლესთან და ვანგრევ ოფისს.
აქ არსად არ წერია, პაატა მანჯგალაძე პრეზიდენტის სასახლესთან არ წასულაო, თავიდან ახსენეს ჩემი სახელი და შემდეგ მიდის მსჯელობა და ლოგიკა, რომ წავიკითხე ეს, მეგონა, ბლოკბასტერის მთავარი გმირი ვიყავი. ჩემი ასაკის ვინც არის, „რემბო“ ემახსოვრება, რემბო მიდის და უკან ცეცხლი მოსდევს. დაახლოებით აი ასეთი ასეთი აღწერაა.
მეც არ მივაქცევდი ამას ყურადღებას და აბსურდულად ჩავთვლიდი, ამ მტკიცებულებით პროკურატურა შვიდი თუ ცხრა წლით ცოცხლად დამარხვას რომ არ მიპირებდეს. ეს არის ძალიან ფუნდამენტური და არსებითი. დროის ეკონომია როგორ შეიძლება იყოს საპირწონე იმის, რომ არარსებული მტკიცებულებების საფუძველზე ადამიანს ექვსიდან ცხრა წლამდე უშვებდნენ ციხეში. თქვენთვის არაა ეს საინტერესო?
თქვენ გჯერათ, რომ ვაორგანიზებდი ძალადობას, შემდეგ ავიღე მძიმე საგნები ხელში, შემდეგ ცეცხლი წავუკიდე ყველაფერს, რაც შემხვდა გზაში, მერე მივეჭერი პრეზიდენტის სასახლეს და ამ დროს საქმეში რა დევს იცით? საქმეში დევს პაატა ბურჭულაძის განცხადება, რომ ის მიცხადებს ნდობას. პაატა ბურჭულაძემ გამომიცხადა ნდობა, წესიერი ადამიანი მგონიხარო. აი, ესაა მტკიცებულება და ამის გამო მზად არიან, ცხრა წლით გამიშვან ციხეში.
…ეს არის ეგრეთ წოდებული პილატეს სამართალი. როცა იცი, რომ ადამიანი უდანაშაულოა, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც მზად ხარ, რომ ბრალი დასდო. აი ეს არის პილატეს სამართალი და რაა პილატეს სამართლის არსი, რომ მიუხედავად მცდელობისა, რომ ხელები გინდა დაიბანო, მაინც ვერ იბან ხელებს, იმიტომ, რომ მართალი ადამიანის ციხეში ჩასმა არ შეიძლება.
მე მჯერა, რომ ამ ქვეყანაში სამართალი იზეიმებს, სრულად. მე მჯერა იმის, რომ საქართველო იქნება ძლიერი ქვეყანა. დიდება საქართველოს, მიყვარხართ ყველანი“, – თქვა მან.