„ეს არის პირდაპირი მოსყიდვა ამომრჩევლის“ - ოპოზიცია ანტიკრიზისულ გეგმას აფასებს

პუბლიკა

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მომდევნო ეტაპსა და სოციალური დახმარებების პაკეტს ოპოზიცია წინასაარჩევნოდ მოსყიდვას უწოდებს.

„ეს არის პირდაპირი მოსყიდვა ამომრჩევლისა, ჩვენივე ფულით. 5 მილიარდი ლარი ავიღეთ ვალად და ხალხის გადასახდელი ფულით მანიპულაციას ეწევა საქართველოს ხელისუფლება“, – განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ.

„გახარიას ვითომ წყალობა არის ფარისევლობა, ტყუილი და ერთადერთ რამეს მიანიშნებს“, – ასე აფასებს მთავრობის გადაწყვეტილებას „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა.

„გამოართვით ყველას ყველაფერი იმიტომ, რომ ეს გეკუთვნით თქვენ და არა გახარიას ან ივანიშვილს. არჩევნებზე გააკეთეთ სწორი არჩევნები იმიტომ, რომ ასე სამათხოვროდ, წყალობით, ვიღაცის ხელის ბიჭად საქართველო არ უნდა გადაიქცეს. ეს შეურაცხმყოფელია, მაგრამ სანამ გვიჭირს, დაიბრუნეთ თქვენი ქონება, ყვავს კაკალი გააგდებინეთ პირიდან და არჩევნებზე შემოხაზეთ ოპოზიცია, გავუშვათ ეს უმაქნისები და მავნებლები, გავიყვანოთ ქვეყანა გამარჯვებისა და განვითარების გზაზე“, – განაცხადა უგულავამ.

„მინდა, რომ მოსახლეობა ამით არ მოტყუვდეს და „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო ქულები ვერ ჩაიწეროს“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ და მოქალაქეებს ურჩია, გაიხსენონ ყველა დაპირება, რომელსაც ივანიშვილი და მისი გუნდი წინასაარჩევნოდ გასცემდნენ.

„ლელოს“ წევრის, ირაკლი კუპრაძის შეფასებით კი, ანტიკრიზისული გეგმა წინასაარჩევნოდ მოსყიდვის მცდელობაა, რასაც ეკონომიკური დასაბუთება არ გააჩნია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, სახელმწიფო დახმარების ახალ პროგრამას წინასაარჩევნო პერიოდთან კავშირი არ აქვს. გახარიას თქმით, მთავრობამ იჩქარა და ახალი სოციალური დახმარება სპეციალურად დააანონსა ახლა, რომ შემდეგ არჩევნებთან დაკავშირებით სპეკულაციები არ მოჰყოლოდა.

„ვიცოდით, რომ მსგავსი სპეკულაციები იქნებოდა, ამიტომ გავაკეთეთ ადრე. თორემ გონივრულად რომ წავსულიყავით და ცოტა უფრო პასუხისმგებლიანი, თანმიმდევრული, ეფექტიანი ოპოზიცია რომ გვყავდეს, ეს შეიძლებოდა გაკეთებულიყო აგვისტოს ბოლოს. უფრო ლოგიკური იქნებოდა, მაგრამ ცოტა ვიჩქარეთ. არანაირი კავშირი არ არის [არჩევნებთან]. ამ დახმარების მიზანი მოხლოდ ფართო სოციალური ჯგუფების და პირველ რიგში, ბავშვების დახმარებაა“,  – განაცხადა გახარიამ დღეს ბრიფინგზე.


გახარიას განცხადებით, 17 წლის ჩათვლით საქართველოს ყველა მოქალაქე მიიღებს 200-ლარიან დახმარებას, ამასთან, კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამა ნოემბრისა და ზამთრის სამივე თვის განმავლობაში განახლდება, თვითდასაქმებულის ერთჯერად 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ ის მოქალაქეები, რომლებმაც ამ დროის განმავლობაში არასრული დოკუმენტაციის გამო ვერ მიიღეს აღნიშნული. ასევე, პრემიერის განცხადებით, სოციალურად დაუცველ სტუდენტებს სწავლის საფასურს მთავრობა დაუფარავს.