ეს არის რუსული საფრთხის თავიდან აცილების პოლიტიკა - კაკულია ანაკლიის პროექტზე

პუბლიკა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას განცხადებით, ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება და ნაბიჯები ქვეყნის საგარეო უსაფრთხოების ხედვიდან გამომდინარეობდა. ამის შესახებ მან „tv პირველის“ ეთერში ისაუბრა.

„მე ველაპარაკები ამ შემთხვევაში არა მხოლოდ თქვენ და ოპონენტებს, არამედ მოსახლეობასაც. როგორ უნდა შეაფასოს მოსახლეობამ – რატომ დაეტაკა მთავრობა, მაგალითად, მამუკა ხაზარაძეს. მეც მიკვირს ეს. მამუკა ხაზარაძისნაირი ბევრი გვყავდა? არ გვყავდა ნამდვილად. იმიტომ დაეტაკა, ჩემი აზრით, რომ მან საგარეო პოლიტიკასთან მიმართებით თუ ვერ გააკეთა სწორი ორიენტირი ან მისი ხედვა თუ არ დაემთხვა, ეს უკვე მისი პრობლემაა, რა თქმა უნდა. მე გეუბნებით პირდაპირ, რომ იმ ნარატივში –  ბიძინა ივანიშვილი  არის თუ არა რუსული პროექტი, თუ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ არის ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მე ვდგავარ იმ ადამიანების მხარეს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს არის რუსული საფრთხეების თავიდან აცილების პოლიტიკა“, – განაცხადა კაკულიამ.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ ანაკლიის პროექტზე საუბარი/კონკურსი „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ თავად დაიწყო და მამუკა ხაზარაძე თვითნებურად ხომ არ მოქმედებდა ამ პროცესში, კაკულია პასუხობს:

„ლეგიტიმური კითხვაა. ჩემი აზრით, აქ საქმე გვაქვს იმასთან, რომ თუ ეს იყო ამერიკული ინტერესი, ალბათ, ამის გამოხატვა მოგვიანებით მოხდა, თავიდან სანამ ეკონომიკურად იყო ამ პროექტის განხილვა, ჩემს მოსაზრებას გეუბნებით, რატომ უნდა ჰქონოდა ვინმეს წინააღმდეგობა”.

კაკულიამ ინტერვიუს მსვლელობისას რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ამ საკითხზე მხოლოდ პირად მოსაზრებებსა და შთაბეჭდილებებს გამოხატავდა.

„ეს არის ჩემ მიერ გამოტანილი დასკვნა მხოლოდ მამუკას განცხადებებიდან. მე სხვა წყაროს არ ვიყენებ. რაც მან გამოიტანა საუბრები, მიყალიბდება ასეთი შთაბეჭდილება…

ჩემი აზრით, წამყვანი არის ქვეყნის უსაფრთხოების ხედვა, რომელიც სწორია, არ არის სწორი,  ამას მომავალი გვიჩვენებს“, – განაცხადა კაკულიამ.

მისივე თქმით, უშუალოდ პორტზე ივანიშვილთან არ უსაუბრია, თუმცა ამბობს, რომ ივანიშვილი რუსული პროექტი კი არ არის, არამედ მისი პოზიცია ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარეობს.

„შეიძლება, მე ვცდები, მაგრამ მე დღეს ასე მგონია და ამიტომ ვდგავარ ამ ადამიანის გვერდით… ის, რაც იყო 2012 წელს, იგივეა 2019 წელსაც და თუ რაღაც ეჭვები გქონდა, მაშინ საერთოდ ნუ დაუდგები გვერდით, ანდა გაყევი იმ გზაზე, რომელზეც მიდის. იმიტომ, რომ მისი პოზიციონირება მსოფლიო პოლიტიკის მიმართ, ჩემთვის არის გასაგები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ,  შეიძლება ვცდები, თუ შევცდები, ბოდიშს მოვიხდი, თუ აღმოვაჩენ ამას“, – განაცხადა კაკულიამ.

როგორც ის ამბობს, არ დასწრებია გუნდში არასოდეს ისეთ საუბარს, სადაც ამას ასე განიხილავდნენ, მაგრამ „ჩემი მოსაზრებაა, რომ ეს საფრთხე არსებობს და ვინც ამ გადაწყვეტილებას იღებდა, ვალდებული იყო, ეს საფრთხე გაეთვალისწინებინა… თუ საგარეო პოლიტიკაშია მთავარი თემა, მაშინ ყველამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, თუ რა შედეგი დადგება ამ ფაქტორის გაუთვალისწინებლობით“.

მისი თქმით, მისმა ამგვარმა განცხადებება შესაძლოა საფრთხე შეუქმნას „ქართული ოცნების” გუნდში მის ყოფნას.

„ექსპერტების ნაწილი საზღვარგარეთ იმიტომ არიან ასე განვითარებულები,  რომ რასაც პოლიტიკოსები პირადად ვერ ამბობენ, ამბობენ მერე ექსპერტები. სამწუხაროდ, ჩვენთან აფილირებული ექსპერტები ამ ანალიზს არ აკეთებენ და ამ ვალდებულების ჩემს თავზე აღება მიხდება, ჩემი გუნდში ყოფნის რისკის ფასად”, – ამბობს კაკულია.

ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის თქმით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ხელშეკრულებას შეუწყვეტენ. ცქიტიშვილის აზრით, კონსორციუმისთვის ვადის კიდევ ერთხელ გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა და მთავრობის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულების შეწყვეტისთვის გაწერილი პროცედურები დაიწყება.

LB loan image desktop LB loan image mobile