„ეს არის უკიდურესი უპასუხისმგებლობის გამოვლინება“ - ომბუდსმენი ბათუმში შეკრებაზე

პუბლიკა

„ორგანიზატორების მხრიდან ეს არის უკიდურესი უპასუხისმგებლობის გამოვლინება და საზოგადოების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხის ქვეშ დაყენება“, – ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ბათუმში „ნაციონალური მოძრაობისა“ და გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას. კადრებში ჩანდა, რომ შეკრებილი მხარდამჭერები 2-მეტრიან დისტანციას ვერ იცავდნენ, მათ ნაწილს კი პირბადე არ ეკეთა.

„რაც შეეხება წინასაარჩევნო კამპანიას, იმ ვითარებაში, როდესაც გავრცელების კრიტიკულ მასშტაბს მიღწეულ რეგიონში (მაგალითად, ბათუმში) შესაძლებელია უპირბადოდ, დისტანციის დაუცველად შეიკრიბოს ათასობით ადამიანი, მიმაჩნია, რომ, პირველი – ორგანიზატორების მხრიდან ეს არის უკიდურესი უპასუხისმგებლობის გამოვლინება და საზოგადოების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხის ქვეშ დაყენება; მეორე – საარჩევნო პერიოდში მოქმედი რეგულაციები ვერ უზრუნველყოფენ ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლების დაცვას.

სახელმწიფოს ვალდებულებაა დაიცვას ადამიანების სიცოცხლე. ამიტომ, მიმაჩნია, რომ უნდა მოხდეს როგორც დადგენილი რეკომენდაციების ზედმიწევნით აღსრულების უზრუნველყოფა, ასევე უსაფრთხოების ახალი წესების შემოღება.

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ქვეყნებში, სადაც მკაცრი წესებიც მოქმედებს და საზოგადოებაც მოწესრიგებული და პასუხისმგებლიანია, სამედიცინო სექტორი მეტნაკლებად მომზადებული, ხმის მიცემის ალტერნატიული გზები გამართული, არჩევნების ჩატარება სიტუაციის მნიშვნელოვანი გაუარესების გარეშე შესაძლებელია, ხოლო დაბალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის, სამედიცინო სექტორში არსებული რთული ვითარების, არასაკმარისი რეგულაციების და მათ აღსრულებაზე არასათანადო კონტროლის ფონზე, რაც დღეს სახეზე გვაქვს, ვფიქრობ, რომ სიცოცხლის უფლების დარღვევის რისკის წინაშე ვართ.

ფაქტია, ამ საკითხებზე მეტი კვალიფიციური და პოლიტიკური მოტივაციებისგან დაცლილი მსჯელობაა საჭირო და შეიძლება მძიმე და არაპოპულარული გადაწყვეტილებებიც არის მისაღები“, – განაცხადა ომბუდსმენმა.

ბოლო დღეებში ხშირად ისმის კითხვები, რამდენად უნდა ჩატარდეს არჩევნები დამძიმებული პანდემიური სიტუაციის ფონზე; ვრისკავთ თუ…

Posted by Nino Lomjaria on პარასკევი, 16 ოქტომბერი, 2020

10 სექტემბრიდან 200 ადამიანზე მეტის მონაწილეობით კულტურული და სპორტული ღონისძიებები აკრძალულია, თუმცა ეს შეზღუდვა საარჩევნო აგიტაციას და საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს არ ეხება.