„ეს ჩემი შეურაცხყოფა იყო“ - ელისაშვილის თქმით, ინციდენტი თვე-ნახევრის წინ მოხდა

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის წევრმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „ამას წინ“ ქუჩაში „სლავა უკრაინა“ დაიძახა და უცნობმა პირმა რუსულად მიაძახა, „სლავა რასიეო“.

ალეკო ელისაშვილის თქმით, ამის შემდეგ  „კარგად დაიჩეჩქვა ეს რუსი“.

„დეპუტატი ვარ, თმენის ვალდებულება მავალდებულებს, მაგრამ არის საკითხები, სადაც არანაირი ვალდებულებები და კანონები არ მესმის.“

ელისაშვილმა პრემიერს მოუწოდა, „გაუშვას“ რუსები უკან, სანამ „ასეთი ანგარიშსწორებები ქუჩაში წავა.“

საქართველოს პარლამენტში ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ.

რა მოჰყვა ელისაშვილმა პარლამენტში?

„მეც დავიწყებ მადლობით იმ კაცებისა და ქალებისადმი, რომლებიც ამ წუთებშიც უკრაინაში არიან და იბრძვიან. ისინი მეომრულ ღირსებას მატებენ ჩვენს ქვეყანას.

მე კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, რომ საზღვარი გახსნილი და რუსები იმ რაოდენობით შემოსულიყვნენ, რა რაოდენობითაც შემოვიდნენ. განსაკუთრებით წინააღმდეგი ვიყავი ყველაზე უღირსი ხალხის მიღებით, ესენი არიან დეზერტირები. გაივსო რუსი დეზერტირებით საქართველო. მე მიმაჩნია, რომ ყველა რუსი ერთნაირია, ყველა იმპერიალისტია და მათ შორის სხვაობა არ არის. მათ შორის დემოკრატი არავინ არ არის, განსხვავება ისაა, რომ ზოგი ნაკლებად იმპერიალისტია და ზოგი მეტად.

ალბათ, იცით, რაც ხდება თბილისში ბოლო პერიოდში. ერთი რუსი დღისით და მზისით მარჯანიშვილის ქუჩაზე იდგა, მეორე რუსი უღებდა და დედას გვაგინებდა, დააკავეს და გამოუშვეს, არ ვიცი, რა ბედი ეწია. კიდევ ერთი რუსი წიხლით შედგა ქართველ გოგოს, მხოლოდ იმიტომ რომ არ ეცეკვა, დაკავებულია. კიდევ ერთი – რუსებმა ქართველებს სიგარეტი სთხოვეს, იმათმა რუსულ ნუ გველაპარაკებიო, ამის შემდეგ ვიდეო ჩაწერეს და დედას აგინებენ პატარა ბავშვებს. გაოცებული ვარ, ვერ დავიძინე, ისეთ დღეში ვიყავი. თქვენ ხართ პრემიერ-მინისტრი, გაქვთ პასუხისმგებლობა, მოჰკიდეთ ამ გათახსირებულებს ხელი და გაუშვით უკან თავიანთ რუსეთში. სანამ თავი არ გაუჩეჩქვეს და არ დაკლეს შუაგულ ქუჩაში.

ლევანი მაფრთხილებს არ ილაპარაკო და არ თქვაო, მაგრამ არ ვაგებ ჩემს თავზე პასუხს, სადმე რომ გადავეყარო. არ დავმალავ, ამას წინ უცხოელი სტუმრები მყავდა და ქუჩაში დავიძახე „სლავა უკრაინე-თქო“ და ერთმა მომაძახა „სლავა რასიეო“ და მოხვდა მერე ყურის ძირში. დეპუტატი ვარ, თმენის ვალდებულება მავალდებულებს, მაგრამ არის საკითხები, სადაც არანაირი ვალდებულებები და კანონები არ მესმის. კარგად დაიჩეჩქვა ეს რუსი. სანამ ასეთი ანგარიშსწორებები ქუჩაში წავა, მოჰკიდეთ ხელი და ესენი მაინც გაყარეთ, რატომ ვაბედვინებთ, ვართ თუ არა ჩვენ სახელმწიფო?“ – განაცხადა ელისაშვილმა.

„ეს იყო ჩემი შეურაცხყოფა“

„პუბლიკამ“ ალეკო ელისაშვილს მომხდართან დაკავშირებით დამატებითი კითხვები დაუსვა. ასევე, ვკითხეთ, ხომ არ ფიქრობს, რომ მომხდარზე საპარლამენტო ტრიბუნიდან საუბარმა შესაძლოა, ძალადობა წაახალისოს. ალეკო ელისაშვილის თქმით, ინციდენტი თვე-ნახევრის წინ, ძველ თბილისში მოხდა.

სტუმრებთან ერთად სეირნობდა და დაიძახა „სლავა უკრაინე“, რაზეც სლავური გარეგნობის კაცმა მიაძახა, „სლავა რასიეო“. „ერთი ორი მოვცხე, უცბადვე გაგვაშველეს, ბევრი შემოგვეხვია. უცხოელი სტუმრებიც გვაშველებდნენ. ძალიან ინანა თავისი პოზიცია“. მისი თქმით, პოლიცია არ მოსულა და ინციდენტს გაგრძელება არ მოჰყოლია.

შეკითხვაზე, ამ ამბის ამგვარად, პარლამენტის ტრიბუნიდან საზოგადოებისთვის მიწოდება ხომ არ წაახალისებს ძალადობას გვიპასუხა:

„მე მინდოდა, გამომეფხიზლებინა პრემიერ-მინისტრი, რომ ანგარიშსწორებები არ იყოს. ჩემი მიზანი იყო, რომ ისეთ უღირს ხალხს, რომლებიც ქუჩაში დადიან თბილისში და შეურაცხყოფას აყენებენ ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს (იმ დროს მეც მომაყენა შეურაცხყოფა იმ დაძახებით) გაეცეს პასუხი. გაუკეთონ დეპორტაცია და აღარ შემოვიდნენ აქ. უკრაინაში კაცი იარაღით ვიყავი, ჩამოვდივარ და ვიღაც დეზერტირი თბილისში მიყვირის „სლავა რასიეო“. ეს, რა თქმა უნდა, ჩემი შეურაცხყოფაა. ვერ მოვითმინე და ვერც ვერავინ მოითმენს და სანამ უფრო მძაფრი რაღაცები მომხდარა, გამოიყენონ ეს მექანიზმი“.