ეს ე.წ. კონსილიუმი „ფეიქია“ და ავრცელებს „ფეიქებს“ ტიკარაძის პოზიციაზე | კობახიძე

პუბლიკა

ირაკლი კობახიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანაზე მმართველი პარტიისა და მინისტრის პოზიციები განსხვავებული არ არის.

მისი თქმით, გუშინ ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ომბუდსმენის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფის ერთ-ერთი წევრის განცხადება ტიკარაძის პოზიციაზე „ფეიქი“ იყო და ამაზე მოგვიანებით მინისტრი განმარტებას გააკეთებს.

„ეს არის ტყუილი და ამაზე მინისტრი გააკეთებს განმარტებას. ეკა ტიკარაძეს აქვს თავისი მკაფიო პოზიცია და რაც შეეხება ე.წ. კონსილიუმს, რომელმაც განსხვავებული პოზიცია გაავრცელა –  ეს ე.წ. კონსილიუმი „ფეიქია“ და ავრცელებს „ფეიქებს“ ტიკარაძის განცხადებასთან დაკავშირებით. ტყუილი გაავრცელეს. მათ გაავრცელებს კიდევ ერთი ფეიქი ტიკარაძის პოზიციაზე და მინისტრი გააკეთებს განმარტებას.“  – განაცხადა კობახიძემ.’

გუშინ ჯანდაცვის სამინისტროში მინისტრსა და სამინისტროს მიერ შექმნილ სამედიცინო კონსილიუმთან და სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფთან შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ომბუდსმენის კონსილიუმის წევრმა ექიმმა გიორგი გრიგოლიამ განაცხადა, რომ იმსჯელეს, რამდენად შესაძლებელია სააკაშვილის მკურნალობის გაგრძელება გლდანის მე-18 დაწესებულებაში.

მისი განცხადებით, სამინისტროს კონსილიუმისა და ომბუდსმენის კონსილიუმის რეკომენდაციები შეჯერებულია და ერთმანეთს ემთხვევა. გრიგოლიას დარჩა შთაბეჭდილება, რომ ამ პოზიციას გაიზიარებს სამინისტროც.

ექიმის განცხადებით, ეკატერინე ტიკარაძე, როგორც ექიმი, დაეთანხმა ყველა არგუმენტს.

„დაეთანხმა არგუმენტებს, რომ იმ დაწესებულებაში ასეთი მძიმე პაციენტის ყოფნა არაა მიზანშეწონილი და უმჯობესია, გადაყვანილი იქნეს პოლიპროფილურ კლინიკაში“, – განაცხადა გრიგოლიამ.