ეს facebook-პოსტი იყო 5 ივლისის დღეს, როდესაც ჟურნალისტების საჯიჯგნად მიუშვეს ბრბო - აბაშიძე

პუბლიკა

სახალხო დამცველობის კანდიდატი ანა აბაშიძე „TV პირველის” ეთერში განმარტავს იმ facebook-სტატუსს, რომელზე განმარტებაც დღეს მას საკომიტეტო მოსმენაზე მოსთხოვეს.

დღეს ადამიანის უფლებათა კომიტეტზე ომბუდსმენობის კანდიდატების მოსმენა დაიწყო. სწორედ ამ ფორმატში მმართველი გუნდის დეპუტატმა, კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ 2021 წელს აბაშიძის მიერ დაწერილი facebook-სტატუსი წაიკითხა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების” ამომრჩეველს აბაშიძემ „ბიოდეგრადირებადი ნაგავი“ უწოდა.

საუბარია 2021 წლის 6 ივლისის facebook-პოსტზე, სადაც ანა აბაშიძეს მონიშნული აქვს „ქართული ოცნების” facebook-გვერდი და ასევე facebook-ჯგუფი – „ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერები”.

როგორც ანა აბაშიძე ამბობს, ეს პოსტი საჯაროდ ისე წაიკითხეს და საზოგადოებას ისე მიაწოდეს ინფორმაცია, თითქოს სრულიად უსაფუძვლოდ წერდა ამას. როგორც ის განმარტავს, მისი ეს სტატუსი დაწერილია 5 ივლისის მოვლენების დროს, როდესაც ჟურნალისტების „საჯიჯგნად მიუშვეს ადამიანები”. მისივე თქმით, ამავე დღეს საზოგადოებამ ასევე იხილა მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების განცხადებები, „რაც პრაქტიკულად ახალისებდა ამ ძალადობრივ ქცევას”. როგორც მან თქვა, მისი ეს პოსტი იყო უკიდურესად გაბრაზებული მოქალაქის.

როგორც ის ამბობს, შესაძლოა, მისი შეფასებები არაეთიკური იყო და საჭიროების შემთხვევაში ამისთვის ბოდიშსაც მოიხდის, თუმცა უკან არასდროს წაიღებს იმ შინაარსს, რასაც ამ შემთხვევაში გულისხმობდა.

„მე ხაზგასმით ვიტყვი, თუ რა დღე იყო ეს. ეს იყო პოსტი, ჩემი – გაბრაზებული მოქალაქის, უკიდურესად გაბრაზებულის. შეიძლება, ასეთი გაბრაზებული ცხოვრებაში სულ ორ-სამჯერ ვყოფილიყავი, ეს იყო 5 ივლისის დღე, როდესაც ჩვენ ვნახეთ, როგორ მიუშვეს საჯიჯგნად თქვენს კოლეგებთან, და არა მხოლოდ თქვენს კოლეგებთან, ბრბო, რომელიც ლამობდა შეჭმას ადამიანების; და ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეეწირა ამ მოვლენას; და ჩვენ ვნახეთ ამ დღეს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების განცხადებები, რომელიც პრაქტიკულად ახალისებდა ამ ძალადობრივ ქცევას.

აი, ეს იყო ის შემთხვევა, როდესაც მე აღვშფოთდი და როგორც მოქალაქემ უკიდურესად შევაფასე ის შემთხვევა. დიახაც, პირველ რიგში მმართველი გუნდი და ის ადამიანები, რომლებიც ამ მმართველ გუნდს ამ ქცევას უწონებდნენ, შევაფასე შესაძლოა არაეთიკურად. ამაზე შეიძლება ვიკამათოთ და მე არ მომერიდება, რომ ბოდიში ვთქვა იმ სიტყვებისთვის, რომელიც საკმაოდ მკვახე იყო, მაგრამ მე არასდროს უკან არ წავიღებ იმ შინაარს, რაც ამ კრიტიკაში ჩავდე”, – განაცხადა აბაშიძემ.

 

LB loan image desktop LB loan image mobile