ეს გადაწყვეტილება სერიოზულ კითხვებს აჩენს - ჯაში შეზღუდვებზე კანონპროექტის შესახებ

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა და დამოუკიდებელმა დეპუტატმა მარიამ ჯაშმა ბიუროს სხდომაზე უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე, რაც „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს,  განაცხადა, რომ ეს პროექტი აჩენს კითხვებს და წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებით საფრთხილოა მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება.

„არ შეიძლება წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლებას ჰქონდეს ბერკეტი, თუნდაც ერთი შემთხვევის აღმოჩენისას, მისთვის არასასურველი საარჩევნო უბნის იზოლაცია და დაკეტვა შეძლოს, თუნდაც თეორიულად“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, პარლამენტს არ ჰქონდა რეგულარული კომუნიკაცია ჯანდაცვის სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან, რის გამოც გაჩნდა გარკვეული კითხვები.

„ეს გადაწყვეტილება აჩენს ერთი შეხედვით სერიოზულ კითხვებს. ჩვენ ვნახეთ, რომ ხდებოდა გარკვეული პოლიტიზაცია კორონავირუსის მართვის პერიოდში, არა მხოლოდ საქართველოში, სხვა ქვეყნებშიც შეინიშნებოდა მსგავსი ტენდენციები. განსაკუთრებით საფრთხილოა მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება წინასაარჩევნო პერიოდში, რადგან ასეთი ცვლილებები რეალურად აძლევს ხელისუფლებებს გარკვეული მანიპულაციების საშუალებას, არამხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა სახელმწიფოებშიც. ჩვენ რომ გვქონოდა რეგულარული კომუნიკაცია, ანგარიშვალდებულება ჯანდაცვის მინისტრთან, პრემიერ-მინისტრთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან, რეგულარული დიალოგის საშუალება რომ ყოფილიყო საპარლამენტო ფორმატში, შესაძლოა არ გვქონოდა ამდენი შეკითხვა“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მისი თქმით, მისასალმებელია ის შედეგები, რომლებიც ეხება ეპიდსიტუაციის მართვას, მაგრამ არცერთხელ არ ჩატარებულა სეროპრევალენტობის კვლევა და ვიდრე ამ კითხვას არ გაეცემა პასუხი, ის კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს. ჯაშმა აღნიშნა, რომ მან ვერ მოისმინა საკმარისი არგუმენტები კანონპროექტზე უმრავლესობის მხრიდან.

ჯაშმა მიმართა უმრავლესობას, რომ თუ ეპიდსიტუაცია არასტაბილური იქნება, იფიქრონ არჩევნების გადადებაზე.

„თქვენ ძალიან კარგად იცით, რას ნიშნავს სეროპრევალენტობის კვლევა. ზოგად პოპულაციაში ანტისხეულების დადგენის ტესტი, რომელიც რეალურად მოგვცემდა საშუალებას, შეგვეფასებინა ეპიდსიტუაცია ქვეყანაში… ჩვენ არ ვიცით გავრცელების დონე ქვეყანაში, ჩვენ არ ვიცით რამდენ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს გადატანილი და მით უმეტეს სამეცნიერო მტკიცებულებები დღეისთვის მიუთითებს, რომ სოციალური იზოლაციის შემთხვევაში შედარებით დაბალი სეროპრევალენტობის დონე იძლევა ეფექტურად მართვის შესაძლებლობას. რატომ ვიკავებთ მსგავსი კვლევების ჩატარებისგან თავს? ეს არის კითხვა და ვიდრე არ იქნება კონსულტაცია, როგორც ჯანდაცვის უწყებასთან, ისე, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან, ამ ეტაპზე ჩვენ ვერ დავადსტურებთ ამ კანონპორექტს.

ამ კანონპროექტის მხარდაჭერაში „ოცნება“ დარჩება მარტო, იმიტომ რომ არ არის საკმარისი არგუმენტაცია. და თუკი ეპიდსიტუაცია ამდენად არასტაბილური უნდა იყოს მომდევნო თვეების განმავლობაში, მაშინ იფიქრეთ არჩევნების გადადებაზე, რადგან არ შეიძლება წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლებას ჰქონდეს ბერკეტი, თუნდაც ერთი შემთხვევის აღმოჩენისას, მისთვის არასასურველი საარჩევნო უბნის იზოლაცია და დაკეტვა შეძლოს, თუნდაც თეორიულად“, – თქვა ჯაშმა.

კანონპროექტის შესახებ დეტალურად გაეცანით მასალას:

► საკარანტინო ღონისძიების ფარგლებში მთავრობა შეზღუდვების დაწესებას საგანგებოს გარეშეც შეძლებს – კანონპროექტი;