„ეს გამზირი უნდა გადაივსოს შაბათს, 3 საათზე“ – ნიკა მელიამ აქცია დაანონსა

პუბლიკა

„ეს გამზირი უნდა გადაივსოს შაბათს, 3 საათზე და გადაივსება“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე.

მისი თქმით, შაბათამდე საპროტესტო აქციები გაიმართება ყოველდღიურად სხვადასხვა ადგილას. მელიამ აქციის მონაწილეებს მოთმინებისკენ მოუწოდა.

„უამრავი საპორტესტო აქცია გაიმართება სხვადასხვ ადგილებში ყოველდღურად, მაგრამ მე მგონია, კოლეგებთან ერთად, მეგობრებთან ერთად, რომ რუსთაველის გამზირზე ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა შევიკრიბოთ ძალიან ბევრნი, რომ მსოფლიომ კიდევ ერთხელ დაგვინახოს. კობახიძე-ივანიშვილი იძახის [ვართ] 7 000, თუმცა ჩვენ ვართ ზღვა ხალხი. ამიტომ მგონია, რომ ეს გამზირი უნდა გადაივსოს შაბათს, 3 საათზე და გადაივსება. ამით სხვა იმპულსი მიეცემა ჩვენს ბრძოლას. მაგრამ შაბათამდე ჩემი ჩათვლით, მეგობრების ჩათვლით, ყველა ვიბრძოლებთ და თქვენ ამას დაინახავთ ყველა კუთხე-კუნჭულში. მოთმინებით უნდა ვიყოთ ხალხო, ჩვენ ვართ ისტორიის სწორ მხარეს“, – განაცხადა მან.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ აქცია 6 საათზე დაიწყო.


გუშინ, 8 ნოემბერს პარლამენტიდან აქციის მონაწილეებმა ცესკოთან გადაინაცვლეს. ცესკოთან შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წყლის ჭავლი, შედეგად 30-მდე ადამიანი დაშავდა. შსს-ის შეფასებით, ჭავლის გამოყენება სამართალდამცველებმა მყისიერი საფრთხის გამო გადაწყვიტეს. არასამთავრობო სექტორის შეფასებით კი, საფრთხე არ იყო მყისიერი და პოლიციამ არალეგიტიმური ძალა გამოიყენა აქციის მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგ.

შსს-ის ცნობით, აქციის მიმდინარეობისას ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო 14-მდე სამართალდამცველმა, მედიის 3-მა წარმომადგენელმა და აქციის 10-მდე მონაწილემ. ადმინისტრაციული წესით, სულ 19 პირია დაკავებული.