პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალექსანდრე ელისაშვილი 3 ივლისს თბილისში გამართულ აქციას – „შინ ევროპისკენ!“ – აფასებს. მისი თქმით „გაპოლიტიკოსებული ენჯეოშნიკები“ დაეხმარნენ „ქართულ ოცნებას“ გაძლიერებაში. ელისაშვილი მიიჩნევს, რომ დღეს „ოცნება“ ტაქტიკურად მოგებულია.
„ჩემი ღრმა რწმენით, სამჯერ ზღვა ხალხი რუსთაველზე სწორედ იმისთვის გამოვიდა, რომ არავინ გაბედოს ჩვენი რუსეთში დაბრუნების მცდელობა და რომ ჩვენ ვითხოვთ ევროპის სრულფასოვან წევრობას, თუმცა გაპოლიტიკოსებულმა ენჯეოშნიკებმა (რომლებიც თან კეკლუცობენ და პოლიტიკოსები არ ვართო იძახიან) გადაწყვიტეს, რომ მიტინგზე გადაეყენებინათ მთავრობა და თავები მინისტრებად გამოეცხადებინათ. რა თქმა უნდა, ეს ღიმილისმომგვრელი „ტექნიკური მთავრობანა“ ჩავარდა. და მოხდა ის, რასაც ვამბობდი რამდენიმე დღის წინ – ეს გაპოლიტიკოსებული ენჯეოშნიკები დაეხმარნენ „ქართულ ოცნებას“ გაძლიერებაში. დღეს „ოცნებაა“ ტაქტიკურად მოგებული. ეს ხო ფაქტია? რატომ მოხდა ასე – რატომ გადაუგდეს მაშველი რგოლი გაპოლიტიკოსებულმა ენჯეოშნიკებმა ხელისუფლებას? შეგნებულად გააკეთეს ეს თუ შეუგნებლად? ამაზე მარჩიელობა არ მინდა. ფაქტია, რომ, რასაც ჩვენ ვამბობდით და რაც მარტივად გასათვლელი იყო, ის მოხდა“, – წერს ელისაშვილი Facebook-ზე.
„12 დავალების შესრულება 6 თვეში – ესაა მთავარზე უმთავრესი ამ პერიოდში! ჩვენ, პარტია “მოქალაქეები” ამით ვიქნებით მხოლოდ დაკავებულები! საქართველო არის ევროპა! საქართველოს იქნება პოლიტიკურადაც ევროპის სრულფასოვანი ნაწილი! საქართველო აღარასოდეს იქნება რუსეთი!“, – წერს ელისაშვილი.