ეს გაპოლიტიკოსებული ენჯეოშნიკები დაეხმარნენ „ქართულ ოცნებას“ გაძლიერებაში - ელისაშვილი

პუბლიკა

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალექსანდრე ელისაშვილი 3 ივლისს თბილისში გამართულ აქციას – „შინ ევროპისკენ!“ – აფასებს. მისი თქმით „გაპოლიტიკოსებული ენჯეოშნიკები“ დაეხმარნენ „ქართულ ოცნებას“ გაძლიერებაში. ელისაშვილი მიიჩნევს, რომ დღეს „ოცნება“ ტაქტიკურად მოგებულია.

„ჩემი ღრმა რწმენით, სამჯერ ზღვა ხალხი რუსთაველზე სწორედ იმისთვის გამოვიდა, რომ არავინ გაბედოს ჩვენი რუსეთში დაბრუნების მცდელობა და რომ ჩვენ ვითხოვთ ევროპის სრულფასოვან წევრობას, თუმცა გაპოლიტიკოსებულმა ენჯეოშნიკებმა (რომლებიც თან კეკლუცობენ და პოლიტიკოსები არ ვართო იძახიან) გადაწყვიტეს, რომ მიტინგზე გადაეყენებინათ მთავრობა და თავები მინისტრებად გამოეცხადებინათ. რა თქმა უნდა, ეს ღიმილისმომგვრელი „ტექნიკური მთავრობანა“ ჩავარდა. და მოხდა ის, რასაც ვამბობდი რამდენიმე დღის წინ – ეს გაპოლიტიკოსებული ენჯეოშნიკები დაეხმარნენ „ქართულ ოცნებას“ გაძლიერებაში. დღეს „ოცნებაა“ ტაქტიკურად მოგებული. ეს ხო ფაქტია? რატომ მოხდა ასე – რატომ გადაუგდეს მაშველი რგოლი გაპოლიტიკოსებულმა ენჯეოშნიკებმა ხელისუფლებას? შეგნებულად გააკეთეს ეს თუ შეუგნებლად? ამაზე მარჩიელობა არ მინდა. ფაქტია, რომ, რასაც ჩვენ ვამბობდით და რაც მარტივად გასათვლელი იყო, ის მოხდა“, – წერს ელისაშვილი Facebook-ზე.

მისივე თქმით, თუ გვინდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უნდა შევასრულებინოთ ხელისუფლებას 12 პუნტი – „სათანამშრომლოა – უნდა ვითანამშრომლოთ, საჩხუბარია უნდა ვიჩხუბოთ, ქუჩაში დასადგომია, ქუჩაში უნდა ვიდგეთ ერთადერთი მოთხოვნით ამ 6 თვის მანძილზე – ხელისუფლებამ შეასრულოს 12 დავალება! მეტი მოთხოვნა ამ თვეების მანძილზე არ უნდა გვქონდს ნორმალურ ადამიანებს“.
„მოქალაქეების“ ლიდერი მიიჩნევს, რომ „ტექნიკური მთავრობის“ მოთხოვნა და მსგავსი „სახლობანა მოთხოვნები“ უნდა დავივიწყოთ ეს პერიოდი, ისევ „ისეთ უცნაურ მდგომარეობაში რომ არ ჩაიგდონ მოთხოვნების ავტორებმა თავები“.
„12 დავალების შესრულება 6 თვეში – ესაა მთავარზე უმთავრესი ამ პერიოდში! ჩვენ, პარტია “მოქალაქეები” ამით ვიქნებით მხოლოდ დაკავებულები! საქართველო არის ევროპა! საქართველოს იქნება პოლიტიკურადაც ევროპის სრულფასოვანი ნაწილი! საქართველო აღარასოდეს იქნება რუსეთი!“, – წერს ელისაშვილი.
LB loan image desktop LB loan image mobile