ეს გეგმიური შემოწმებაა და არ ეხება უშუალოდ „მთავარ არხს“ - შემოსავლების სამსახური

პუბლიკა

ფინანასთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური „მთავარი არხის“ გაყიდვების სახლში შესვლას ეხმაურება. უწყების განცხადებით, კომპანიაში შესვლა, რომელიც „მთავარ არხს“ სარეკლამო მომსახურებას უწევს, გეგმიური საგადასახადო შემოწმება იყო და „მთავარი არხის“ გაყიდვების სახლი შემოწმების სიაში ავტომატიზებული ელექტრონული სისტემის მიხედვით მოხვდა.

„სისტემაში ინტეგრირებული რისკების შეფასების ინდიკატორებზე დაყრდნობით, საგადასახადო კონტროლის ღონისძიება ყოველწლიურად ხორციელდება საშუალოდ 8000-ზე მეტ გადამხდელთან მიმართებით.

აღნიშნული მიდგომით, მიმდინარე წლის ივლისის თვეში შერჩეულ იქნა დამატებით 500-მდე გადამხდელი, მათ შორის ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ გაჟღერებული სარეკლამო სააგენტო, რომელიც სხვა მეწარმე სუბიექტებთან ერთად მომსახურებას უწევს ამ ტელეკომპანიას. შესაბამისად, გაცხადებული საგადასახადო კონტროლის ღონისძიება არ ეხება უშუალოდ სამაუწყებლო კომპანიას.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ავტომატიზებულ ელექტრონულ სისტემაში მოხვდნენ სხვა სარეკლამო კომპანიებიც.

აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის სტანდარტულ პროცედურას, რაც ითვალისწინებს გადამხდელის რისკების კამერალურ შესწავლას და შესაბამისი რისკების გაქარწყლების შემთხვევაში მიმდინარე კონტროლის პროცედურის დასრულებას.

დამატებით განვმარტავთ, რომ კამერალური საგადასახადო შემოწმება ითვალისწინებს გადამხდელთან მხოლოდ დისტანციურ კომუნიკაციას და არ გულისხმობს გადამხდელის საქმიანობის ადგილზე რაიმე სახის ქმედების განხორციელებისა და საქმიანობის რაიმე სახით შეზღუდვას.

გამომდინარე აქედან, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ხაზგასმით განმარტავს, რომ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული განცხადება, სამწუხაროდ, ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და მიზნად ისახავს თემის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანას“, – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცადებაში.


დღეს „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტელეკომპანიის გაყიდვების სახლში საგადასახადო სამსახური შევიდა. გვარამიას თქმით, თუკი ამ კომპანიის ფუნქციონირება შეიზღუდება, ეს აისახება ტელეკომპანიაზეც და საგადასახადო სახლში უწყების შესვლას უკავშირებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ „ტელეკომპანია „მთავარში“ „TV პირველსა“ და „ფორმულაში“ შავი ფული ტრიალებს და ეს გამოსაძიებელია“.

„შევიდნენ, ამას შეგვპირდა ბ-ნ კობახიძე, რომ გამოსაკვლევია ყველა მედია, დაფინანსება და ა.შ. გასცა ბრძანება და ბრძანება სრულდება. მე ეჭვი მაქვს, რომ სხვა მედიებსაც იგივე გელოდებათ. ეს ინფორმაცია ჩვენ გვქონდა მანამდეც. ველოდებით ახლა საგადასახადო პოლიციას და კიდევ, პროკურატურას…“, – განაცხადა გვარამიამ.