„ფორმულაში“ „მთავარსა“ და „TV პირველში“ შავი ფული ტრიალებს, გამოსაძიებელია - კობახიძე

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ტელეკომპანია „მთავარში“ „TV პირველსა“ და „ფორმულაში“ შავი ფული ტრიალებს და ეს გამოსაძიებელია. ამის შესახებ მან „რუსთავი 2-ის“ ეთერში 14 ივლისს განაცხადა.

„2012 წლიდან მოყოლებული ამ ტელევიზიებში [„ფორმულა“ „მთავარი“ „TV პირველი“], ამ სამ პარტიულ ტელევიზიაში, ნაცმოძრაობის კუთვნილ ტელევიზებში არის ასეულობით მილიონი ინვესტირებული და დახარჯული…ეს არის შავი ფული“,  -განაცხადა მან.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მან იცის, რა არის ამ ტელევიზიების შემოსავალი და რა არის ხარჯი. მისივე თქმით, არსებობს დისბალანსი, რომელსაც შემდეგ ფარავს „კონკრეტლი პოლიტიკური ძალა“.

„რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რა არის ამაში უკანონო, რაზეც კობახიძემ უპასუხა, რომ შავი ფული ტრიალებს და ეს არის უკანონო.

რ2:  რა არის ამაში უკანონო?

კობახიძე: უკანონო ის არის, რომ ამაში შავი ფულია.

რ2: თუ შავი ფულია, სად არის ფინანსური პოლიცია?

კობახიძე: მე გეთანხმებით, რომ გამოსაძიებელია. შავი ფული ტრიალებს ამ სამ ტელევიზიაში.

რ2: თუ გამოძიებული არ არის, თქვენ, როგორც იურისტი რაზე დაყრდნობით აცხადებთ ამას?

კობახიძე. მე მაქვს სხვადასხვა წყაროდან ინფორმაცია, ეს ერთი, მეორე ვიცი, როგორია შემოსავლები და რა არის ხარჯები. ეს ორი რამ ვიცი და მე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვამტკიცო საზოგადოების წინაშე, რომ ამ ტელევიზიებში, შავი ფულია, ათეულობით მილიონი იხარჯება ყოველწლიურად ამ სამ პარტიულ ტელევიზიაზე, “- განაცხადა „ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.


„გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი! დაისაჯოს ყველა მოძალადე!”  – აღნიშნული მოთხოვნით, ოთხმა ტელეკომპანიამ – „TV პირველი“, „მთავარი არხი“, „ფორმულა“ და „კავკასია“ – მაუწყებლობა 24 საათით შეწყვიტა.

გუშინ ტელეკომპანიების ეკრანებზე მხოლოდ შავი ფონი იყო გამოსახული, რომელზეც თეთრი ასოებით ეწერა იმ ჟურნალისტებისა და ოპერატორების სახელები და გვარები, რომლებსაც 5 ივლისს ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები დაესხნენ თავს.


5 ივლისს Tbilisi Pride-ის ორგანიზებული „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიური, მოძალადე ჯგუფები შეიკრიბნენ. ისინი თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, რის შედეგადაც დაშავდა 53 მათგანი. რამდენიმეს დასჭირდა ოპერაციული ჩარევა.

მათ შორის იყო „TV პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს. თავდასხმის შემდეგ ლექსო ლაშქარავას დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.

ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ მედიაორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ და მოითხოვენ პრემიერისა და შს მინისტრის გადადგომას.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე დაწყებულია გამოძიება, ჩატარდა სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის შედეგიც რამდენიმე ხანში გახდება ცნობილი. 5 ივლისს ოპერატორზე თავდასხმის ბრალდებით ამ ეტაპზე დაკავებულია 5 პირი.