ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი გუდრუნ კუგლერი მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, შეწყვიტონ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა და დაუბრუნდნენ დემოკრატიის გზას.
„ღრმა შეშფოთებას გამოვხატავ იმ პროცესის გამო, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ახლახან დაიწყო. „ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით, სასამართლოს ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას სთხოვენ.
პოლიტიკური კონკურენციის საკითხი საარჩევნო ყუთთან და ღია დემოკრატიული დებატების გზით უნდა გადაწყდეს და არა სამართლებრივი პროცესების მეშვეობით პოლიტიკური მეტოქეების ჩამოშორებით, რასაც მმართველი უმრავლესობა ცდილობს. პოლიტიკური პარტიების აკრძალვა გამონაკლისი ზომაა, რომელიც უმაღლეს დემოკრატიულ და სამართლებრივ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს. ეს პროცესი განსაკუთრებით შემაშფოთებელია სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით არსებული სერიოზული შეშფოთების ფონზე, მათ შორის იმ შეშფოთების გათვალისწინებით, რომელიც ევროპარლამენტმა გამოთქვა.
ჩემი სოლიდარობა საქართველოს ხალხს ეკუთვნის, რომელმაც არაერთხელ გამოხატა თავისი სურვილი, იცხოვროს თავისუფალ, დემოკრატიულ და ევროპულ მომავალში.
პოლიტიკური პარტიების დაფუძნებისა და მათ საქმიანობაში მონაწილეობის თავისუფლება დემოკრატიის ერთ-ერთი ქვაკუთხედია და ეუთოს დემოკრატიული ვალდებულებებით არის დაცული.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის რანგში მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გაიწვიოს ეს სარჩელი და შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნა. საქართველო არ უნდა იქცეს ქვეყნად, სადაც პოლიტიკურ ოპოზიციას განიხილავენ მტრად, რომელიც უნდა განადგურდეს, და არა დემოკრატიული ცხოვრების აუცილებელ ნაწილად.
ასევე მოვუწოდებ ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ოპოზიციის ლიდერები და სხვა პირები, რომლებიც პოლიტიკურ მიზეზთა გამო თვითნებურად დააკავეს ან დააპატიმრეს, და სრულად უზრუნველყოს სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვა. საქართველომ უნდა შეასრულოს ეუთოს მონაწილე სახელმწიფოსა და ევროპის საბჭოს წევრის ვალდებულებები.
საქართველოს მომავალი დემოკრატიაში, კანონის უზენაესობასა და პოლიტიკური პლურალიზმის პატივისცემაშია. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, დაუბრუნდეს ამ გზას და პატივი სცეს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს“, -წერია გუდრუნ კუგლერის განცხადებაში.
21, 22 და 23 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს პარლამენტის 88 წევრის საკონსტიტუციო სარჩელს სახელწოდებით: „ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის შესახებ“.
88 დეპუტატი საკონსტიტუციო სასამართლოსგან მოითხოვს:
- ხუთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას;
- ამ პარტიების აკრძალვას;
- მათი რეგისტრაციის გაუქმებას.
მოსარჩელეთა მტკიცებით, აღნიშნული პარტიების საქმიანობის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა.
სარჩელი მიემართება შემდეგ ოპოზიციურ კოალიციებსა და პარტიებს:
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო-ლელო“, „გახარია საქართველოსთვის“, „ფედერალისტები“.
საკონსტიტუციო სარჩელი არ შეიცავს პარტიებთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვის მოთხოვნას.