ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის გამარჯვებულები ცნობილია

პუბლიკა

22 ოქტომბერს ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის მეექვსე გამოშვება დასრულდა. 16-დან 22 ოქტომბრის ჩათვლით, ფესტივალმა მაყურებელს საერთაშორისო საკონკურსო ფილმები, სპეციალური პროგრამები, შეხვედრები კინოპროფესიონალებთან, დისკუსიები და საგანმანათლებლო სახელოსნოები შესთავაზა.

ფესტივალის დახურვის ცერემონიაზე ოქროს დინოზავრით დაჯილდოვდნენ საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები, ასევე გამოვლინდნენ ახალგაზრდა კინოკრიტიკოსთა ჟიურის რჩეული და რეზო გაბრიაძის სახელობის კინოსახელოსნოს გამარჯვებულები.

საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები

ფესტივალის მთავარმა ჟიურიმ სამი „ოქროს დინოზავრი“ გასცა.

  • საუკეთესო ფილმი – კამილა საგინტკანი ნამუშევრისთვის „რა ჩაიდინე, ზარინა?”;
  • საუკეთესო რეჟისორი – მიკოლა ზასიევს ფილმისთვის „აღდგომა”;
  • საუკეთესო ოპერატორი – პოლინ დომეჟენი ფილმისთვის „არ ისრიალოთ”.  

ჟიურის განსაკუთრებული აღნიშვნა დაიმსახურეს თამარ მაღრაძის ფილმმა „სველი საქმე“, ლევან ჭყონიას ფილმმა „ჭიამაიების ბოლო ზაფხული“ და რანდა მარუფის ნამუშევარმა „მაღარო“.

ახალგაზრდა კინოკრიტიკოსთა ჟიურის რჩეული

წლევანდელი ფესტივალის ერთ-ერთი სიახლე ახალგაზრდა კინოკრიტიკოსთა ჟიური იყო, რომელიც კინოკრიტიკის სახელოსნოს მონაწილეებისგან იყო დაკომპლექტებული. ახალგაზრდა კინოკრიტიკოსთა პრიზი გადაეცა კრისტიან ავილესის ფილმს „ულაყი და ბროლის ბურთი“.

კინოკრიტიკის სახელოსნოს მონაწილეებთან მენტორი ლაურა ვან ჟაულენი მუშაობდა.

ფიჩინგის გამარჯვებულები

რეზო გაბრიაძის სახელობის კინოსახელოსნოს ფარგლებში დამწყებ და გამოცდილ რეჟისორებსა და სცენარისტებს საკუთარი პროექტების პირველადი მონტაჟის ჟიურის წინაშე წარდგენის შესაძლებლობა მიეცათ. მონაწილეებთან მუშაობდნენ Nushi Films-ისა და GoGo Film-ის წარმომადგენლები თეკლა მაჭავარიანი და ინეკე სმიტსი, 

ფიჩინგის ჟიურის რჩეული გახდა ლუსინე ნურჯანიანი პროექტით „მსოფლიოს ჩემი წაყვანა დაავიწყდა“.

ასევე დაჯილდოვდნენ ნათია ერისთავი, პროექტით „ჩემს ოთახში ისევ შენი სურნელია“, და გიორგი გეთიაშვილი პროექტით „ბუნაგი“.

ფიჩინგის ჟიურის წევრები იყვნენ უტა ბერია, ივან რამლიაკი და ემანუელა პიოვანო.