„პუბლიკის“ ორი ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლაში ბრალდებულები, ლევან ზარდიაშვილი და საბა მინდიაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს.
მოსამართლე გიორგი გელაშვილმა საბა მინდიაშვილი (ალექსანდრე ქეშელაშვილის ეპიზოდი) – 3000 ლარით დააჯარიმა.
ლევან ზარდიაშვილი კი (ქეთევან მიქაძის ეპიზოდი) – 4000 ლარით. ზარდიაშვილი ახალი დანაშაულის ჩადენის დროს პირობითი მსჯავრის ქვეშ იყო (ადვოკატის თქმით, მას საპროცესო შეთანხმება ჰქონდა გაფორმებული), რის საფუძველზეც მას დამატებით სხვა პასუხისმგებლობაც დაეკისრა. პროკურორის განმარტებით, საბოლოოდ, მას სასჯელის სახით განესაზღვრა – 4000 ლარი ჯარიმა, 5 წელი პირობითი და დამატებით 3 938 ლარი.
საბა მინდიაშვილი წარდგენილ ბრალს აღიარებდა, ლევან ზარდიაშვილი კი თავს უდანაშაულოდ ცნობდა.
ინციდენტი, რომელზეც ლევან ზარდიაშვილსა და საბა მინდიაშვილს ბრალი წარედგინათ, 2025 წლის 8 სექტემბერს მოხდა. „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, კახა კალაძის შტაბთან ლევან ზარდიაშვილმა „პუბლიკის“ ჟურნალისტზე, ქეთო მიქაძეზე იძალადა და ტელეფონი წაართვა. საბა მინდიაშვილმა კი ალექსანდრე ქეშელაშვილს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალა და ტელეფონი წაართვა, რომელიც მოგვიანებით დაიბრუნა.
დღევანდელ პროცესზე, განაჩენის გამოცხადებამდე სასამართლომ ბრალდებისა და დაცვის მხარის დაკვნითი სიტყვებიც მოისმინა. ზარდიაშვილის ადვოკატმა თამთა ჯანიაშვილმა დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვა ამ სიტყვებით დაიწყო:
„ეს არის საქმე ადამიანზე, რომელიც რეალურად მსხვერპლი გახდა დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო ბრალდების. ადამიანზე, რომელიც ამ საქმეში რეალურად დაზარალებულია”, – თქვა მან ზარდიაშვილზე.
მისი დასკვნითი სიტყვა აგებული იყო პოზიციაზე, რომ მობილური ტელეფონი, რომელიც ზარდიაშვილმა „პუბლიკის” ჟურნალისტს წაგლიჯა, თავისივე საკუთრება იყო; და რომ ის უკან დაიბრუნა.
ადვოკატ ჯანიაშვილის თქმით, ბრალდებულს მიქაძისთვის არათუ ჟურალისტური საქმიანობაში ხელი არ შეუშლია, არამედ ამის არც განზრახვა, არც სურვილი და მცდელობაც არ ჰქონია. ადვოკატი ამბობს, რომ ზარდიაშვილის სურვილი მხოლოდ საკუთარი მობილური ტელეფონის მესამე პირისგან დაბრუნება იყო.
ჯანიაშვილი 8 სექტემბერს კახა კალაძის შტაბთან განვითარებულ მოვლენებს ასე აღწერს:
„[…] ლევან ზარდიაშვილი ამ დროს იმყოფებოდა შტაბის წინ და დაპირისპირებაში აღმოჩნდა, რომელსაც საკუთარი ტელეფონი – iPhone 14 Pro Max ამოუვარდა ჯიბიდან. ეს ტელეფონი აიღო ქეთევან მიქაძემ. ტელეფონის მესაკუთრემ, ლევან ზარდიაშვილმა ეს მაშინვე შეამჩნია, რომელმაც რამდენჯერმე მიმართა მიქაძეს მისთვის დაებრუნებინა საკუთარი მობილური ტელეფონი. თუმცა ჟურნალისტმა ყურადღება არ მიაქცია, რის გამოც ლევან ზარდიაშვილი მივიდა მიქაძესთან და საკუთარი მობილური ტელეფონი ხელიდან წაართვა… არავისთვის სასიამოვნო ფაქტი არაა, მობილური ტელეფონის დაკარგვა და უცხო პირის ხელში აღმოჩენა. გარდა ამისა, ჟურნალისტისთვის აქციაზე მყოფი პირის ტელეფონის პოვნა და მასში განთავსებული ინფორმაციის მიღება, სავარაუდოდ, ძალიან კარგი მასალა იქნებოდა…“, – განაცხადა ადვოკატმა თამთა ჯანიაშვილმა.
ამასთან, დაცვის მხარის პოზიციით, ზარდიაშვილს არ ჰქონდა შეცნობილი, რომ მიქაძე ჟურნალისტი იყო; და რომ ჟურნალისტურ საქმიანობას ახორციელებდა. ადვოკატმა აღნიშნა, რომ მიქაძეს ბეიჯი ეკეთა, თუმცა არ ეკეთა სამკლაური ან პრესის ჟილეტი.
„საქმეში არცერთი მტკიცებულება პირდაპირ და ცალსახად არ მიუთითებს იმაზე, რომ ზარდიაშვილმა მიქაძეს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალა.. ამასთან მას არ ჰქონდა წინასწარ შეცნობილი, რომ მიქაძე იყო ჟურნალისტი… ერთადერთი რაც მან გააკეთა, იყო შემდეგი – ტელეფონის ძირს დავარდნისა და ქეთევან მიქაძის მიერ ტელეფონს აღების შემდეგ, მას მოუწოდა, რომ დაებრუნებინა. მას შემდეგ, რაც ქეთევანმა არ დაუბრუნა, მივიდა მასთან ლევანი და ხელიდან წაგლიჯა”, – თქვა ადვოკატმა.
„ეს ვერსია არასერიოზულია” – თქვა პროკურორმა ლაშა გამყრელიძემ რეპლიკაში. მისივე თქმით, დაცვის მხარეს ამ ვერსიის გასამყარებლად არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
მან გაიხსენა საქმეში არსებული ვიდეომტკიცებულებაც, სადაც ინციდენტის შემდეგ ლევან ზარდიაშვილთან მიდის „პუბლიკის” სხვა ჟურნალისტი და მას მობილურის დაბრუნებას სთხოვს, ზარდიაშვილი კი ამბობს, რომ მობილური „გადააგდო”.
„თუ თავის ტელეფონისთვის იბრძოდა ეს ადამიანი, მაშინ ეთქვა, რომ ჩემი ტელეფონი წავართვი”, – თქვა გამყრელიძემ.
დაცვის მხარემ სიტყვა – „გადავაგდე” დღეს იმით ახსნა, რომ ზარდიაშვილის ეს მოკლე რეპლიკა ჟურნალისტთან საუბრის თავიდან არიდებას ემსახურებოდაო.
პროკურორისვე თქმით, საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით ასევე დასტურდება, რომ მიქაძე ჟურნალისტურ საქმიანობას ასრულებდა და ჰქონდა მაიდენტიფიცირებელი ნიშნები.
„ქეთევან მიქაძე იქნება თუ სხვა, ყველა პირის მიმართ ჩაიდენს დანაშაულს, ვისაც ხელში მობილური ტელეფონი და ამოსაცნობი ნიშანი ექნებოდა, რომ ის იყო ჟურნალისტი… სწორედ პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა წარმოადგენდა ბრალდებულის მიზანს – რომ ჟურნალისტს იქ მიმდინარე ამბები არ გადაეღო… დაზარალებულია არაერთი ჟურნალისტი და მათ მხოლოდ იმიტომ მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რომ ხელი შეეშალათ საქმიანობაში; რომ არ მომხდარიყო მიმდინარე მოვლენების ვიდეო-ფოტო გადაღება”, – თქვა პროკურორმა.
განმარტება რედაქციისგან
2025 წლის 8 სექტემბერს „პუბლიკის“ ჟურნალისტზე, ქეთევან მიქაძეზე „ოცნების“ შტაბთან მყოფმა პირმა იძალადა და ტელეფონი წაართვა, ამის ამსახველი ვიდეოკადრები „პუბლიკამ” იმ დღესვე გაავრცელა. ამასთან, „პუბლიკა“ დღემდე მოითხოვს აღნიშნული ტელეფონის დაბრუნებას, რომელიც რედაქციის საკუთრება იყო და იმ დღეს ჟურნალისტი მას პროფესიული მოვალოების შესრულებისთვის იყენებდა.
ამ საკითხსა და გარემოებაზე „პუბლიკამ” განცხადება იმ დღესვე გაავრცელა. ასევე მივმართეთ საგამოძიებო უწყებებს, რის შესახებ მოვამზადეთ ვიდეომასალაც.