სამშობლოს ღალატის ბრალდებით დაკავებული დიტო ჩუბინიძე ბრალდებას არ აღიარებს

პუბლიკა

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, დიტო ჩუბინიძეს ბრალდება გუშინ საღამოს წარედგინა. ადვოკატი ნონა ფილაური „პუბლიკას“ ეუბნება, რომ ჟურნალისტი ბრალს არ აღიარებს და „გაოცებულია“.

ადვოკატი საქმის მასალებს ჯერ არ იცნობს. მისი თქმით, ბრალის დადგენილებაში „სამშობლოს ღალატი, კერძოდ საბოტაჟი“ აღწერილია შემდეგნაირად, რომ „საზოგადოება მას შეჰყავდა შეცდომაში და აწოდებდა საზოგადოებას ცრუ ინფორმაციას დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით“. ადვოკატის თქმით, დაკითხულები არიან საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის კომისიის წევრები.

„ბრალს, რა თქმა უნდა, არ ეთანხმება ეს ოფიციალურადაც დააფიქსირა და მინდა გითხრათ, რომ ძალიან გაოცებულია იმიტომ, რომ მეც მითხრა, რომ ის მხოლოდ და მხოლოდ თავისი რესპონდენტისგან მომდინარე ინფორმაციით ასაჯაროვებდა ყველა მასალას, რაზედაც ის საუბრობდა დავით გარეჯთან მიმართებაში.

ბრალის დადგენილებას გუშინ გავეცანი. ღალატად არის აღწერილი, რომ საზოგადოება მას შეჰყავდა შეცდომაში და აწოდებდა საზოგადოებას ცრუ ინფორმაციას დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით. დაკითხულები არიან საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის წევრები. სავარაუდოდ, მათგან აქვთ ჩამორთმეული ჩვენებები და ჩემთვის ცოტა ეს არის გაუგებარი, რით დაზიანდა სახელმწიფო ინტერესი ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რა კრიტერიუმით გაიზომა, თუმცა ფორმულირება ასეთია“, – ამბობს ადვოკატი.

მისი თქმით, ბრალის წარდგენამდე დიტო ჩუბინიძე დაკითხული იყო ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე და არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ გამოძიება მასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობდა.

შეკითხვაზე, რას უკავშირებს დიტო ჩუბინიძე ამ ბრალდებას, ადვოკატი ამბობს, რომ „თვითონაც არ იცის, გაოგნებულია“. დიტო ჩუბინიძეს გამოძიებისთვის ჯერ ჩვენება არ მიუცია.

პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი, დიტო ჩუბინიძე 22 ოქტომბერს დააკავა.

უწყების განმარტებით, „2026 წლის თებერვლიდან დიტო ჩუბინიძე „სხვადასხვა მედიასაშუალებისა და სოციალური პლატფორმების გამოყენებით, სისტემატურად ავრცელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს და გამოგონილ ფაქტებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მეზობელ სახელმწიფოსთან გაფორმებული საიდუმლო ხელშეკრულებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკას გადასცა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი“.

პროკურატურის მტკიცებით, „გამოგონილი ამბის მიმართ საზოგადოებაში რეალური აღქმის შესაქმნელად, დიტო ჩუბინიძემ მისი რესპოდენტის – ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება არაერთგზის დაუკავშირა მკვლელობას შურისძიების ნიადაგზე, რაც თითქოსდა გამოწვეული იყო ლაზარე ჯორბენაძის მიერ პრემიერ-მინისტრისადმი მამხილებელი ინფორმაციის გასაჯაროებით.“

უწყება ამბობს, რომ ამ ქმედებით ჩუბინიძემ „განზრახ, საქართველოს სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების საზიანოდ, განახორციელა საბოტაჟი, რითაც ხელი შეუშალა სახელმწიფო უწყების და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ნორმალურ ფუნქციონირებას“.