პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი, დომენტი (დიტო) ჩუბინიძე დააკავა.
უწყების განმარტებით, „2026 წლის თებერვლიდან დიტო ჩუბინიძე „სხვადასხვა მედიასაშუალებისა და სოციალური პლატფორმების გამოყენებით, სისტემატურად ავრცელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს და გამოგონილ ფაქტებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მეზობელ სახელმწიფოსთან გაფორმებული საიდუმლო ხელშეკრულებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკას გადასცა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი“.
პროკურატურის განმარტებით, „გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ სახელმწიფო საზღვრის დადგენა ხორციელდება მოსაზღვრე სახელმწიფოსთან დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით, რაც შემდგომში საჭიროებს საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიკაციას, ხოლო საზღვრის განსაზღვრის და დადგენის საკითხებზე მოლაპარაკებების წარმართვის და გადაწყვეტის უფლებამოსილება ექსკლუზიურად მინიჭებული აქვს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიას“.
„სამთავრობო კომისიის მანდატის ფარგლებში, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მონაკვეთზე, საზღვრის განსაზღვრასა და დადგენასთან დაკავშირებით, მეზობელ სახელმწიფოსთან შეთახმება ამ დრომდე არ არის მიღწეული, ზემოაღნიშნული ნორმატიული პროცედურა კი თეორიულადაც გამორიცხავს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ერთპიროვნულად ტერიტორიის სხვა სახელმწიფოსათვის გადაცემის შესაძლებლობას.
მიუხედავად აღნიშნულისა, ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული, სახელმწიფო ტერიტორიის მეზობელი სახელმწიფოსთვის გადაცემის გამოგონილი ამბის მიმართ საზოგადოებაში რეალური აღქმის შესაქმნელად, დომენტი ჩუბინიძემ მისი რესპოდენტის – ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება, არაერთგზის დაუკავშირა მკვლელობას შურისძიების ნიადაგზე, რაც თითქოსდა გამოწვეული იყო ლაზარე ჯორბენაძის მიერ პრემიერ-მინისტრისადმი მამხილებელი ინფორმაციის გასაჯაროებით.
აღნიშნული ქმედებით, დომენტი ჩუბინიძემ განზრახ, საქართველოს სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების საზიანოდ, განახორციელა საბოტაჟი, რითაც ხელი შეუშალა სახელმწიფო უწყების და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ნორმალურ ფუნქციონირებას“, – აცხადებს პროკურატურა.
უწყების ცნობით, დომენტი ჩუბინიძეს ბრალდება სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის მუხლით წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის ღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.
ლაზარე ჯორბენაძე გაზეთ „ასავალ-დასავლის“ ხშირი სტუმარი იყო. ის 2026 წლის 4 აპრილს გარდაიცვალა. სავარაუდოდ, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე გამოქვეყნებულ ინტერვიუში ლაზარე ჯორბენაძე აცხადებდა, რომ ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ხელი მოაწერა საიდუმლო შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც დავით გარეჯის ტერიტორიის ნაწილი დათმო. თუმცა ჯორბენაძეს ამ ბრალდების დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
მას შემდეგ, რაც ლაზარე ჯორბენაძემ თქვა, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძემ ილჰამ ალიევის სასარგებლო ხელშეკრულება გააფორმა, მის წინააღმდეგ სოციალურ ქსელებში კამპანია აგორდა. მისი გარდაცვალების შემდეგ „ასავალ-დასავლის“ ჟურნალისტმა დიტო ჩუბინიძემ თქვა, რომ მას არ სჯერა თვითმკვლელობის ვერსიის.
ციხიდან გამოგზავნილ ერთ-ერთ, რიგით მეხუთე წერილში ირაკლი ღარიბაშვილმა ახსენა ლაზარე ჯორბენაძე და თქვა, რომ პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, თუ რა გახდა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი. მისივე მტკიცებით, „საზოგადოებაში დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს“.
ღარიბაშვილის განცხადების შემდეგ პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც მიუთითა, რომ ლაზარე ჯორბენაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ამავე დროს, ირაკლი ღარიბაშვილის წერლის შემდეგ გაკეთებული განცხადებების გამო, „პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში“ გამოკითხვაზე დაიბარეს ნიკა გვარამია; ირმა ინაშვილი; ნანუკა ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე; თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური. ასევე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამოიკითხა ღარიბაშვილი.