კობახიძე: გარეჯთან დაკავშირებით არც წერილობითი და არც ზეპირი შეთანხმება არ ყოფილა 

პუბლიკა

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებს შორის საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის მიმართულებით, მათ შორის დავით გარეჯის მონაკვეთთან დაკავშირებით, გასული წლების განმავლობაში არავითარი ხელშესახები პროგრესი არ ყოფილა და არც წერილობითი და არც ზეპირი შეთანხმება არ მიღწეულა.

კობახიძემ ეს განცხადება ლაზარე ჯორბენაძის შესახებ დასმული კითხვის პასუხად გააკეთა.

ლაზარე ჯორბენაძე გაზეთ „ასავალ-დასავლის“ ხშირი სტუმარი იყო. ის 2026 წლის 4 აპრილს გარდაიცვალა. სავარაუდოდ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე გამოქვეყნებულ ინტერვიუში ლაზარე ჯორბენაძე აცხადებდა, რომ ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან საიდუმლო შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომლის საფუძველზეც დავით გარეჯის ტერიტორიის ნაწილი დათმო. თუმცა ჯორბენაძეს ამ ბრალდების დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

ირაკლი კობახიძის თქმით, გასული წლების განმავლობაში საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის კუთხით არავითარი ცვლილება არ განხორციელებულა.

„ეს იყო მარტივი ტყუილი და სპეკულაცია. განსაკუთრებული კომენტარების გაკეთება არც ღირს ამ თემასთან დაკავშირებით. მე, ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ არავითარი ცვლილება ამ წლების განმავლობაში საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის კუთხით არ განხორციელებულა. არავითარი ცვლილება არ განხორციელებულა არც ერთ ქვეყანასთან მიმართებით.

რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია, რომ დავძრათ ეს პროცესი, მივაღწიოთ პროგრესს და პროგრესი უნდა იყოს, რა თქმა უნდა, მიღწეული ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, თუმცა ხაზს გავუსვამ იმას, რომ არავითარი ცვლილება არ განხორციელებულა.

შესაბამისად, არავითარ შეთანხმებას არ მოწერია ხელი ამ გასული წლების განმავლობაში დემარკაცია-დელიმიტაციის კუთხით. დანარჩენი ყველაფერი არის მარტივი ტყუილი და სპეკულაცია, რაც ძალიან მარტივად გამომჟღავნდა“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.


მას შემდეგ, რაც ლაზარე ჯორბენაძემ თქვა, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძემ ილჰამ ალიევის სასარგებლო ხელშეკრულება გააფორმა, მის წინააღმდეგ სოციალურ ქსელებში კამპანია აგორდა. მისი გარდაცვალების შემდეგ „ასავალ-დასავლის“ ჟურნალისტმა დიტო ჩუბინიძემ თქვა, რომ მას არ სჯერა თვითმკვლელობის ვერსიის.

ციხიდან გამოგზავნილ ერთ-ერთ, რიგით მეხუთე წერილში ირაკლი ღარიბაშვილმა ახსენა ლაზარე ჯორბენაძე და თქვა, რომ პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, თუ რა გახდა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი. მისივე მტკიცებით, „საზოგადოებაში დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს“.

ღარიბაშვილის განცხადების შემდეგ პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც მიუთითა, რომ ლაზარე ჯორბენაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ამავე დროს, ირაკლი ღარიბაშვილის წერლის შემდეგ გაკეთებული განცხადებების გამო, „პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში“ გამოკითხვაზე დაიბარეს ნიკა გვარამია; ირმა ინაშვილი; ნანუკა ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე; თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური. ასევე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამოიკითხა ღარიბაშვილი.