ჭავჭავაძის გამზირზე ერთ-ერთ კომპანიაში, რომელიც სარეკლამო შეტყობინებებს აგზავნის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს.
ჩრეკა, სავარაუდოდ, კორონავირუსზე მოქალაქეებისთვის დაგზავნილ ცრუ შეტყობინებებს უკავშირდება.
პაატა ბურჭულაძის შვილმა, შუქრი ბურჭულაძემ, რომელიც კომპანიის წარმომადგენელია, ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ კომპანიის თანამშრომელი მთავრობის მიერ დაგზავნილი შეტყობინებების შემდეგ გაეხუმრა თავის ოჯახის წევრებს და გააგზავნა 6 შეტყობინება.
მისი თქმით, კომპანიას, რომელიც სარეკლამო შეტყობინებებს აგზავნის, აქვს დამცავი მექანიზმები და თანამშრომლები სატესტოდ 10 შეტყობინებაზე მეტს ვერ გზავნიან.
„ჩვენმა თანამშრომელმა მთავრობის დაგზავნილი sms-ის შემდეგ გაეხუმრა თავის ოჯახის წევრებს და გააგზავნა ზუსტად 6 sms დედის ნომერზე, თავისი დის ნომერზე და 2 მეგობრის ნომერზე. ამ ძალიან ცუდი ხუმრობის გამო ჩვენზეც მიიტანეს ეჭვი, რომ ჩვენგან ხომ არ იყო ეს sms-ები დაგზავნილი. ჩვენგან არ ყოფილა, დარმწუნებული ვარ, რომ ეს მალე გაირკვევა“, – თქვა ბურჭულაძემ.
მისი თქმით, თანამშრომელი, რომელმაც ყალბი შეტყობინებები გააგზავნა, გუშინვე გათავისუფლდა სამსახურიდან.
„არ არის დაკავებული ჩვენი თანამშრომელი, იმედი მაქვს, რომ არც დააკავებენ, ეს იყო ცუდი ხუმრობა. მან თავიდანვე ვერ გააცნობიერა, რა მოჰყვებოდა ამას. ეს გავიგეთ გუშინ დილით, რაც გავარკვიეთ შიდა მოკვლევის დროს“, – განაცხადა შუქრი ბურჭულაძემ.
მისი თქმით, საჭირო არ იყო სუს-ის 50 თანამშრომლის მისვლა, რადგან ისინი ისედაც ითანამშრომლებდნენ უწყებასთან.
„განმიცხადეს, რომ უნდა ჩაეტარებინათ ჩხრეკა მანქანაში, ოფისში, მე საერთოდ არ ვფიქრობ, რომ ეს საჭირო იყო, ჩვეულებრივად რომ დაეკაკუნებინათ, კარს გავუღებდით და დავეხმარებოდით, როგორც ახლა ვართ მზად, რომ ვითანამშრომლოთ.
ჩვენ გვესმის, რომ უნდა გამოკვლეულიყო ეს საკითხი, მაგრამ არა ამ სახით, 50 სუს-ის თანამშრომელი არ უნდა მოვარდნილიყო
იმედი მაქვს, რომ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა, და თუ არა, მაშინ ვნახავთ რა მოჰყვება ამას და არაფერს არ გამოვრიცხავ“, – თქვა ბურჭულაძემ ჟურნალისტებთან.
„პუბლიკა” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან კომენტარს ელოდება, რომელსაც მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
16 მარტს ჯანდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ მოქალაქეთა ნაწილს მოკლე ტექსტური შეტყობინებით დაეგზავნა ინფორმაცია, თითქოს ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით მთელი ქვეყნის საკარანტინო ზონად გამოცხადება იგეგმებოდა.