კორონავირუსზე ყალბი SMS-ების დაგზავნის გამო ერთ-ერთი კომპანიაში პოლიცია შევიდა

პუბლიკა

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზირზე ერთ-ერთ კომპანიაში, რომელიც სარეკლამო შეტყობინებებს აგზავნის, პოლიციაა შესული და ჩხრეკას ატარებს. გავრცელებული ინფორმაციით ჩრეკა კორონავირუსზე მოქალაქეებისთვის დაგზავნილ ყალბ შეტყობინებებს უკავშირდება.

„მთავარი არხის” მიერ მომზადებულ სიუჟეტში მედიასთან მომხდარ ფაქტზე კომენტარი გააკეთა პაატა ბურჭულაძის შვილმა შუქრი ბურჭულაძემ, რომელიც „მთავარი არხის” ინფორმაციით, კომპანიის ერთ-ერთი მფლობელია.

შუქრი ბურჭულაძის თქმით, კომპანიამ შიდა მოკვლევა ჩაატარა და გამოიკვეთა, რომ ერთ-ერთმა თანამშრომელმა ყალბი შეტყობინება დაუგზავნა რამდენიმე ახლობელს. მისივე თქმით, თანამშრომელმა ცუდად იხუმრა და ამის გამო ის გათავისუფლდა სამსახურიდან.

შუქრი ბურჭულაძის განცხადებით, ამ ფაქტის გამო 50-კაციანი სპეცოპერაციის ჩატარების საჭიროება არ იყო.

კომპანიის წარმომადგენელის მიშა რამიშვილის თქმით, პოლიციამ ამოიღო კომპიუტერები.

„პუბლიკა” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან კომენტარს ელოდება, რომელსაც მიღებისთანავე შემოგთავაზებთ;

16 მარტს ჯანდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ მოქალაქეთა ნაწილს მოკლე ტექსტური შეტყობინებით დაეგზავნა ინფორმაცია, თითქოს ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით მთელი ქვეყნის საკარანტინე ზონად გამოცხადება იგეგმებოდა.