„ეს იყო ემოციური გამოსვლა და მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზანს ისახავდა, რომ ადამიანები შეცდომაში შეიყვანოს“, – ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე ადგილობრივი აქტივისტი, ვარლამ გოლეთიანი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს ეხმაურება.
„პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ იყო ემოციური გამოსვლა და მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზანს ისახავდა, რომ ადამიანები შეცდომაში შეიყვანოს და ემოციური ზეგავლენა იქონიოს მთელ ამ პროცესზე, რომ აი, გვჭირდება ენერგია და ვიღაცები ჰიბრიდულ ომს აწარმოებენ, ჩვენი სახით, ამ ყველაფრის მიმართ და თუ ეს არ აღკვეთა სახელმწიფომ… არ ვიცი… მისი შეფასება ამ მიმართულებით, პრაქტიკულად, აბსოლუტურად გაუგებარია…
ძირითადად, მისი ნარატივი ეხებოდა იმას, რომ ჩვენ, რასაკვირველია, უნდა გამოგვიყვანონ მარგინალებად და დაჯგუფებად, რომელიც ქვეყნის გარედან იმართება; რომ ჩვენ ჰიბრიდულ ომს ვაწარმოებთ ამ სექტორში, ენერგეტიკის მიმართულებით და არ გვსურს საქართველოს განვითარება – ეს იყო მისი ძირითადი გამოსვლის შინაარსი“, – აღნიშნა გოლეთიანმა.
გოლეთიანი ასევე გამოეხმაურა პრემიერის განცხადებას, ადგილობრივ მოსახლეობასთან მინისტრების გაგზავნასთან დაკავშირებით. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, თუ რა შედეგით დასრულდა ეს პროცესი, ვინაიდან მხოლოდ გაშვება საკმარისი არაა.
„ასევე, [პრემიერი] შეეხო იმ საკითხს, რომ გავუშვი მინისტრები მათთან სალაპარაკოდ, რადგან კომუნიკაციის პრობლემა იყოო, მაგრამ შემდეგ არ უთქვამს ის, თუ რა ამბავი ჩაუტანეს მინისტრებმა. თქვენ კარგად ნახეთ სწორედ ის პროცესი, როგორ გაიპარნენ მინისტრები შეხვედრიდან, რომელიც მუნიციპალიტეტის შენობაში იყო დაგეგმილი და ჩვენ უნდა გვესაუბრა ყველა იმ მწვავე საკითხთან დაკავშირებით. კონკრეტულად, მიწასთან დაკავშირებით და ხელშეკრულებასთან დაკავშირებით და მინისტრები არ დაესწრნენ ამ შეხვედრას, თვითონ გაიპარნენ ამ შეხვედრიდან.
ამიტომ, ისიც გაუგებარია, როცა ამბობს – აი, მე გავუშვი ეს ხალხი. ის, რომ გამოუშვა მხოლოდ, ეს მგონი, საკმარისი არ არის, ხომ?! მთავარია, რა შედეგი მოჰყვა, რა გააკეთა ამ ხალხმა ამის შემდეგ. არაერთგზის აღგვინიშნავს, რომ ჩვენთვის ასეთი დამოკიდებულება, იმ უფსკრულის გაღრმავებას ემსახურება, რომელიც ამ წუთში არის ჩვენსა და მთავრობას შორის და არანაირად არ ისახავს მიზნად იმას, რომ დავუშვათ, მართლა ვისაუბროთ საკითხის შინაარსზე – შევიდეთ თემის შინაარსში და კონკრეტულ საკითხებს შევეხოთ, განვიხილოთ კონკრეტული საკითხები. ეს არის ზედაპირული ემოციური მსჯელობა მათი მხრიდან“, – განაცხადა გოლეთიანმა.
რაც შეეხება პრემიერის განცხადებას მიწების გადაცემაზე, რომ ეს არის მსოფლიოში მიღებული პრაქტიკა, გოლეთიანის შეფასებით, პრემიერის შეფასება ამ ნაწილშიც „არის უკიდურესად ზედაპირული და შეიცავს დიდწილად ტყუილის ელემენტებს, ვინაიდან ეს შეფასება არ არის ადეკვატური იმასთან, რაც ახლა ხდება ხეობაში. „რამდენიმე წელი არ არის 99 წელი და არც სამუდამოდ მიყიდული 381 ჰექტარი“, – აღნიშნა მან.
გოლეთიანი ასევე გამოეხმაურა პრემიერის განცხადებას, რომ კაშხლის მშებელობა შეჩერდება. მისი თქმით, კაშხლის მშენებლობა არც აქამდე იყო დაწყებული და მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, რაც მოიცავს, მაგალითად, ხიდების, გზების ნაწილისა და დერივაციული გვირაბის გარკვეული ნაწილის გაჭრას.
„ანუ რაც დაწყებული არ ყოფილა, გაუგებარია, რა შეჩერდება. ეს არის მანიპულაცია, რომ თითქოს ყველაფერი შეაჩერეს. რაც დაწყებული არ იყო, ის ბუნებრივია, ვერ შეჩერდება, მოსამზადებელ სამუშაოებზე კი მიიჩნევენ, რომ ის უნდა გაგრძელდეს“, – ამბობს გოლეთიანი.
რაც შეეხება სახელმწიფო უწყებების განცხადებას, ძირითადი კვლევების გადამოწმება/ვალიდაციის შესახებ, გოლეთიანს მიაჩია, რომ აღნიშნულ პროცესშიც არაა მათი პოზიცია გათვალისწინებული.
„რა აზრი აქვს ასეთ კვლევებს, თუ შედეგზე არანაირი გავლენა არ ექნება და ეჭვქვეშ არ აყენებს იმას, ჰესი აშენდება თუ არ აშენდება. ჩვენი შეთავაზებაა, დავაყენოთ ჩვენ ყველამ ჩვენ-ჩვენი პოზიციები ეჭვქვეშ ამ ნაწილში და რომელიმე ავტორიტეტულმა საერთაშორისო კომპანიამ ჩააატაროს კვლევა და ვნახოთ, რას იტყვის“, – ამბობს გოლეთიანი.