ეს იყო გაუგებრობა, რომელიც მოიხსნა, – „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ხატია დეკანოიძე პარტიის სახელით თანაპარტიელის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებას განცხადებითვე გამოეხმაურა. მისი თქმით, ვაშაძის პირველი განცხადება ინტერპრეტაციის საშუალებას ტოვებდა, მეორე განცხადებამ კი ეს კითხვები მოხსნა.
„მისი ყველა განცხადება აქამდე შეთანხმებული იყო პრესცენტრთან, გავლილი გვაქვს… ჩვენ არ ვართ ცალკეულად დამოუკიდებელი ფიგურები პოლიტიკურ ბრძოლაში. ჩვენ წარმოვადგენთ პარტიას, ამიტომ, რა თქმა უნდა, გარკვეული ინტერპრეტაციები განცხადებებმა არ უნდა დატოვოს, ამიტომ ეს იყო გაუგებრობა, რომელიც მოიხსნა, ყველაფერი აშკარაა. არავითარი სხვა გაუგებრობა არ ყოფილა. ერთადერთი რაც იყო, არის ის, რომ ინტერპრეტაციების საშუალება დატოვა პირველმა განცხადებამ”, – განაცხადა დეკანოიძემ.
რაც შეეხება პარტიის პოზიციას ოპოზიციის სამოქმედო გეგმაზე, დეკანოიძე ამბობს, რომ ენმ არის იმ პოზიციაზე, რასაც იზიარებს სრულიად ოპოზიციური სპექტრი.
„პარტიაში არავითარი შეუთანხმებელი პოზიციები არ არსებობს, ჩვენ ვართ იმ პოზიციაზე, რასაც იზიარებს სრულიად ოპოზიციური სპექტრი და ეს პოზიციები არის შემდეგი: ახალი არჩევნები, თამარ ჟვანიას გადადგომა და საარჩევნო კომისიის (მათ შორის, საოლქო და საუბნო კომისიების) ახალი ადმინისტრირება. და, რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით ყველანაირ ფასილიტაციას მხოლოდ ამ წინაპირობების დაკმაყოფილებით.
რაც შეეხება ბატონი გრიგოლის განცხადებას, სამწუხარო ის არის, რომ პირველ განცხადებაში იყო გარკვეული მომენტები, რომელიც სხვადასხვა ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა, მათ შორის კითხვის ნიშნები გაჩნდა იმასთან დაკავშირებით, აპირებს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა” საპარლამენტო მანდატებით სარგებლობას, შესვლას პარლამენტში და ა.შ. ამიტომ კარგია, რომ მეორე განცხადებამ ბევრი სიცხადე შეიტანა და ეს სიცხადე მდგომარეობს იმაში, რომ:
1 – პროტესტი არ წყდება, და რა თქმა უნდა პროტესტი არის დემოკრატიის ნაწილი და ყველაზე მწვავე პროტესტი, რომელიც ექნებათ ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენ ვიქნებით იქ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან საქმე ეხება არჩევნების მიტაცებას და სახელმწიფოს მიტაცებას… ამიტომ ჩვენ ვდგავართ მყარად ამ პოზიციაზე.
2 – სხვადასხვა ინტერპრეტაცია გამოიწვია იმან, რომ თითქოს პროტესტი უნდა შეწყდეს და იყოს მხოლოდ მოლაპარაკებები, არა, პროტესტის პარალელურად თუ რაიმე სივრცე გაჩნდება ამ წინაპირობებით, რაც მე დავასახელე, (ახალი არჩევნები და ჟვანიას გადადგომა), რა თქმა უნდა, ეს სიცვრე უნდა გამოვიყენოთ…
მაგრამ ის, რომ ჩვენ ხელისუფლებას შევუქმნათ რაიმე სახის ილუზია, რომელიც მათ სურთ, რომ სილამაზის გამო მოლაპარაკებებზე ვთანხმდებით, არა, არც ყოფილა ასეთი შემოთავაზება…”, – განაცხადა დეკანოიძემ.