„ჩვენი მოთხოვნები უცვლელია“ – ოთხი ოპოზიციური პარტია განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

ოთხი ოპოზიციური პარტია, – „ევროპული საქართველო“, „გირჩი“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მათ აქვთ მყარი პოზიცია და არ აპირებენ „გაყალბებული არჩევნების შედეგების აღიარებას, მეორე ტურში მონაწილეობას და არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლას. 

„ჩვენ ვაგრძელებთ მშვიდობიან პროტესტს გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ. ჩვენი მოთხოვნები უცვლელია – არჩევნების ხელახლა ჩატარება, ცესკოს ადმინისტრაციის შეცვლა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. სწორედ ამ საკითხზე უნდა გაიმართოს დიალოგი ივანიშვილის რეჟიმთან საქართველოს საერთაშორისო მეგობრების შუამავლობით.

მოვითხოვთ შსს-სგან არ დაუშვან პოლიციური ძალების ახლო კონტაქტი მომიტინგეებთან, რადგან მათი კომპეტენცია და გამოცდილება არაა საკმარისი ამ ტიპის ვითარების ეფექტიანად და კანონის ფარგლებში სამართავად.

მოვუწოდებთ მშვიდობიან მანიფესტანტებს, მათ შორის ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფის მხარდამჭერებს, რომლებიც სამართლიანად არიან აღშფოთებული გაყალბებული არჩევნების და ხელისუფლების მხრიდან ძალადობის გამო, არ შევიდნენ ფიზიკურ კონფრონტაციაში პოლიციასთან. ნებისმიერი ვინც ასე არ მოიქცევა, თავად გაემიჯნება მშვიდობიან  პროტესტს.

ჩვენ მზად ვართ გრძელვადიანი და მშვიდობიანი პროტესტისთვის. ჩვენი პროტესტის ძალა მშვიდობიან ქმედებებშია. ოპოზიციის საერთო  შეთანხმებით პროტესტის შემდგომი ადგილი იქნება საპროტესტო აქცია 14 ნოემბერს თბილისში, ხოლო 21 ნოემბერს, გაყალბებული არჩევნების მეორე ფიქტიური ტურის დროს, მშვიდობიანი, ცოცხალი ჯაჭვი“, – ნათქვამია განცხადებაში.

**************

გრიგოლ ვაშაძემ დღეს საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპოსტზე“ განცხადება გამოაქვეყნა. ის პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს: „მივმართავ ყველა პოლიტიკურ პარტიას: სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად.”

მოგვიანებით, ენმ-ისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერების მხრიდან გაკეთებული განცხადებებით გაირკვა, რომ ოპოზიციური ერთობის სხვა წევრები ვაშაძის განცხადების თაობაზე ინფორმირებულები არ იყვნენ. ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ ენმ-ს თავმჯდომარის განცხადება პოლიტსაბჭოსთან არ ყოფილა შეთანხმებული.

თანაპარტიელთა განცხადებების შემდეგ გრიგოლ ვაშაძემ სოციალურ ქსელში თავის გვერდზე თავისივე განცხადება განმარტა და ახალი პოსტი გამოაქვეყნა.

„დამატებით განვმარტავ:
1. მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს;
2. ამ პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი – სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების სახით სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით;
3. სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება არც მეორე ტურში მონაწილეობას არ ვღებულობთ და არც პარლამენტში არ შევდივართ;
4. ერთხელ და სამუდამოდ ყველა უნდა დავიძაბოთ, რომ მომავალში ქუჩის პროტესტმა ნორმალური პროცესი არ ჩაანაცვლოს არჩევნების გაყალბების გამო“, – წერს ვაშაძე.

LB loan image desktop LB loan image mobile