ეს იყო პოლიტიკური მართლმსაჯულება - TI

პუბლიკა

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, ეხმიანება დღეს, 12 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილ განაჩენს.

სასამართლომ დაადგინა, რომ არ არსებობდა ფულის გათეთრების დანაშაულის ნიშნები და ქმედება თაღლითობად გადააკვალიფიცირა. სისხლის სამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო კი მსჯავრდებულები სასჯელის მოხდისაგან გაათავისუფლა.

„საქმის მასალების შესწავლისა და პროცესზე დაკვირვების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული საქმე ცალსახად არის პოლიტიკურად მოტივირებული და შესაძლოა ემსახურებოდეს ერთის მხრივ, პოლიტიკური ოპონენტის დასჯასა და დისკრედიტაციას და მეორეს მხრივ, ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტის მშენებლობის შეჩერებას” – ვკითხულობთ განცხადებაში.

ორგანიზაციის განცხადებით, დღეს, ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ გახდა პოლიტიკური მართლმსაჯულების განხორციელების მომსწრე.

„მიუხედავად იმისა, რომ შედეგად პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს” ლიდერებისა და კრიტიკული მედია არხის „ტვ პირველის” დამფუძვნებლის ოჯახის წევრის თავისუფლების აღკვეთა არ დადგა, სასამართლოს გადაწყვეტილებაში იკვეთებოდა პოლიტიკური მოტივი და მათ მიადგათ სერიოზული რეპუტაციული ზიანი. მხარეთა მიერ განაჩენის გასაჩივრების შემთხვევაში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” გააგრძელებს ამ საქმის მონიტორინგს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში”. – ამბობენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.