„ეს იყო პრემიერის პირადი ხარჯი, ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ დახარჯულა” - ირაკლი კობახიძე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩარტერული რეისით ისარგებლა და ქვეყნის ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ დახარჯულა.

კობახიძემ წინა ხელისუფლებაც გააკრიტიკა და თქვა, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები თავის დროზე ბიუჯეტს უყურებდნენ, როგორც საკუთარ სალაროს, დღეს კი, პირადი საჭიროებისთვის ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ იხარჯება.

მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით სპეკულაციები გრძელდება.

„გახსოვთ, დიდი ხნის განმავლობაში ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ სააკაშვილის მიერ გაწეული ხარჯები არ იყო პრობლემა, ეს არ იყო დანაშაული, მაშინ, როდესაც რეალურად ბიუჯეტის ხარჯზე ხდებოდა მისთვის იმ საკითხების მოგვარება, რომლებიც მის პირად საჭიროებას განეკუთვნებოდა. დღეს გვაქვს ვითარება, რომ პრემიერმა ისარგებლა ჩარტერით, ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ დახარჯულა ამისთვის. ეს არის რეალობა.

რაც შეეხება თავად ხარჯებს, ის იქნება დეკლარირებული და საზოგადოებისთვის ცნობილი, როგორც შემოსავლები, ასევე ხარჯები. აქედან გამომდინარე, ყველაფერი დღესავით ნათელია. მაინც გრძელდება სპეკულაციები ამ თემასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად სხვა სტანდარტი. თავის დროზე, წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ბიუჯეტს უყურებდნენ, როგორც საკუთარ სალაროს. დღეს საკუთარი, პირადი საჭიროებისთვის ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ დახარჯულა. ეს იყო პრემიერის პირადი ხარჯი და ხარჯებთან დაკავშირებით ყველაფერი იქნება ასახული დეკლარაციაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


„ნოდარ მელაძის შაბათის“ ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი შვებულების დროს პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა. „TV პირველის“ ეთერში გასული სიუჟეტის თანახმად პრემიერ-მინისტრმა ოჯახის რამდენიმე წევრთან ერთად უფროსი შვილი ჯერ მიუნხენში ჩაიყვანა სამთავრობო თვითმფრინავით, შემდეგ კი აშშ-ში სამგზავრო თვითმფრინავით გაფრინდა.

სიუჟეტში გასული ინფორმაციის მიხედვით, სამთავრობო რეისით წასული თვითმფრინავი 28 აგვისტომდე მიუნხენში დარჩა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი უკან, საქართველოში ჩამოეყვანა.

საქართველოს ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოჯახთან ერთად გერმანიაში მისმა კომპანიამ წაიყვანა და დამკვეთი სამთავრობო დაცვა იყო.