ეს კანონი არის ანტიქართული ყველა გაგებით და არ უნდა იქნას მიღებული - ლევან ღამბაშიძე რუსულ კანონზე

პუბლიკა

„ეს კანონი არის ანტიქართული, იმიტომ რომ ის არის საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. ანტიქართული არის ყველა გაგებით და არ უნდა იქნას მიღებული“,- უთხრა „პუბლიკას“ ფილოსოფოსმა, ისტორიის მასწავლებელმა ლევან ღამბაშიძემ რუსულ კანონის შესახებ საუბრისას.

„უკვე არაერთგზის ითქვა, რომ ეს არის რუსული კანონის ანალოგი და რეალური მოლოდინია, რომ უფრო დამძიმდება დროთა განმავლობაში, როგორც ეს მოხდა რუსეთში და შესაბამისად, სახიფათოა ჩვენი მოქალაქეებისთვის. ასევე, ის ევროკავშირისთვის არის მიუღებელი და გაართულებს გაფართოების შესაძლებლობას ჩვენთვის.

მაგრამ ყველაზე ფუნდამენტური ჩემთვის არის ის, რომ ეს კანონი არის ღირსების შემლახველი მოქალაქეებისთვის. ეს ძალიან კარგად უნდა გაიაზროს ყველამ ვინც ჯერჯერობით თავს იტყუებს თითქოს არ იცის ამ კანონის დანიშნულება. არ შეიძლება საკუთარი ქვეყნის მოქალაქეს შეარქვა დამამცირებელი სახელი.

უცხო ქვეყნის ინტერესის გამტარი ხალხი არსებობს და მათ ჰქვიათ აგენტები და მათი გამოვლენა არის სუს-ის და სპეციალური სამსახურების ამოცანა, ასეთ ადამიანებს ავლენენ და სამართლიანადაც არქმევენ აგენტს, მაგრამ როდესაც შენ მთელი შენი სიცოცხლე ემსახურები შენს ქვეყანას, ხარ ამ ქვეყნის პატრიოტი და გაურკვეველი მოტივებით, მხოლოდ არჩევნებში გამარჯვებისთვის ან რაღაცა სარგებლის მიღებისთვის შენივე სახელმწიფო, ამ შენი საქმიანობის გამო გარქმევს მოღალატე, ეს არის ძალიან დამამცირებელი“,- ამბობს ლევან ღამბაშიძე.

ლევან ღამბაშიძის შეფასებით, ხელისუფლების მთავარი არგუმენტი, რომ კანონპროექტის მიღების მიზანი გამჭვირვალობაა მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მიზნით მოფიქრებული ხრიკია და კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რეალურ  გამჭვირვალობასთან.

„ყველა ვინც გამჭვირვალობაზე ზრუნავს დაუსვას თავის თავს შეკითხვა, შესაძლებელია თუ არა ჰქონდეთ კანონი, რომელსაც ერქმევა მაგალითად კანონი არასამთავრობო ორგანიზაციების რეესტრის შესახებ, სადაც დეკლარაციებს წარადგენენ ორგანიზაციები, რასაც ისედაც აკეთებენ, მაგრამ დავუშვათ რომ მთავრობას სჭირდება ამგვარი რეესტრი, მაგრამ როცა ამ რეესტრს თან დაურთავ სახელწოდებად უცხო ქვეყნის ინტერესების გატარებას, აქ უკვე სხვა ტიპის მოტივებია, ცალსახად პოლიტიკური მოტივები.

არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა მრავალფეროვანია და ყველა ეს საქმიანობა ემსახურება საკუთარ ქვეყანას.  გამჭვირვალედ უცხო ქვეყნის ინტერესებს არავინ არ ატარებს, თუ ვინმე ატარებს უცხო ქვეყნის ინტერესებს, ამას აკეთებს ფარულად, რეესტრში ჩვენ აგენტებს ვერ მაინც ვიპოვით. „ოცნების“ არცერთმა მხარდამჭერმა არ თქვა, რომ ეს სახელწოდება არ არის პრობლემა, თავადაც კარგად იციან რომ ეს პრობლემურია.

ცხადია, გამჭვირვალობაში პრობლემა არაფერია, პრობლემა არის იმაში რომ საკუთარ მოქალაქეებს სახელმწიფო არ უნდა უწოდებდეს უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარს მხოლოდ იმიტომ რომ ის იღებს დაფინანსებას, რასაც ქვეყნისთვის კარგი საქმეების გაკეთებას მოახმარს.“

ლევან ღამბაშიძის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად  ავუხსნათ მოქალაქეებს კანონპროექტის რეალური მიზანი.

„ისინი ადამიანებზე არასდროს არ საუბრობენ და ამიტომაც არის ეს კანონი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ჯოჯოხეთური, დეჰუმანური. ნაცისტურ გერმანიაში ებრაელებს რომ სახელები არ ჰქონდათ და ბოლოს ვარსკვლავი რომ აღნიშნავდა ყველა ებრაელს, არავინ განარჩევდა ქალს, კაცს, ბავშვს თუ მოხუცს, ეგეთი ენით საუბრობს დღეს ხელისუფლება,- არასამთავრობოები, მედია, დასავლური ორგანიზაციები, თითქოს ადამიანებზე არ არის საუბარი.

სინამდვილეში ეს ჩვენ გვეხება ინდივიდუალურად, ადამიანებს. ჩვენ არ გვინდა ისეთ სახელმწიფოში ცხოვრება, რომელიც მტრად გვაცხადებს. სამწუხაროდ ხდება ისე, რომ მათი ამომრჩეველი ხშირად ამ დარქმეული სახელების მიღმა ადამიანს ვერ ხედავს, სამწუხაროდ მთავრობამ იმუშავა ამისთვის ძალიან კარგად, ამიტომ მაქსიმალურად უნდა ავუხსნათ ყველა მოქალაქეს, რომ ეს არის რუსული კანონი. შეგვიძლია ტერმინებზე ვიმსჯელოთ, როგორც მათ უყვართ ხოლმე მაგრამ ეს კანონი არის ანტიქართული.“

ლევან ღამბაშიძე ფიქრობს, რომ პროტესტი უნდა იყოს დაუღალავი, იმისათვის რომ მთავრობამ გაიგოს, რომ ეს პრობლემა არ არის აბსტრაქცია და ის რეალური პრობლემაა ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის.

„პროტესტი უნდა იყოს დაუღალავი და რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნელ-ნელა უნდა გააცნობიეროს, რომ ეს არ ეხება მხოლოდ სამ ორგანიზაციას და ორ ტელევიზიას, არამედ ეხება თითოეულ მოქალაქეს, მათ მომავალს, მათი შვილების მომავალს და ა.შ. არავინ ამ ქვეყანაში არ იცის თავისი შვილი რომელიც დღეს არის 15-16 წლის ხვალ-ზეგ არასამთავრობო ორგანიზაციაში იმუშავებს თუ მედიაში. ჩათვალეთ, რომ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი წინასწარ წირავს თავის შვილებს, რომ მათ ან სახელმწიფოს სამსახურში უნდა იმუშაონ ან ქვეყნიდან უნდა წავიდნენ.“