„ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ოკუპაციის სიმძიმეს“ - პაპუაშვილი გალში მოქალაქის გარდაცვალებაზე

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში ადგილობრივი ე.წ. მილიციის მხრიდან ცემის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, მომხდარი კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ოკუპაციის დროულად დასრულება.

„კიდევ ერთი სამწუხარო ფაქტი მოხდა, ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ოკუპაციის სიმძიმეს. დღეს, ადამიანის უფლებების დაცვის დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისითაც შევხედით, რომ ოკუპაცია არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევას, არამედ უპირველეს ყოვლისა, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვას გულისხმობს იმ რეგიონებში, რომელიც ოკუპაციის ქვეშ არის.

ეს არის ის ზონა, რომელიც მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოს მიერ აღიარებულია, რომ არის რუსეთის ეფექტური კონტროლის ქვეშ. შესაბამისად, ოკუპაციის გამოწვევა ამ მხრივაც არის მნიშვნელოვანი, რომ ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ მძიმე მდგომარეობა არის. ვუსამძიმრებ მის ოჯახს. ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ოკუპაცია, რაც შეიძლება მალე დასრულდეს”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ გალში ადგილობრივი ე.წ. მილიციის მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა. სუს-ში განაცხადეს, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი დაადასტურეს, თუმცა არ დაადასტურეს ხსენებული პირის უკანონოდ დაკავების მცდელობა.