„ეს ნაბიჯი უდანაშაულო ადამიანების ტანჯვას შეამსუბუქებს“ - ევროპელი ლიდერები რაფაჰის გამშვები პუნქტის გახსნაზე

პუბლიკა

ევროპელი ლიდერები რაფაჰის გამშვები პუნქტის გახსნას ეხმაურებიან, საიდანაც დღეს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება შევიდა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი წერს, რომ მოსახლეობის დახმარების მიზნით, მსგავსი ნაბიჯები კვლავ უნდა გაგრძელდეს. მიშელი მადლობას უხდის გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერეშს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, წითელ ჯვარსა და მოლაპარაკებების პროცესში ჩართულ მხარეებს.

„მივესალმები დღეს დილით ეგვიპტიდან ღაზაში პირველი ჰუმანიტარული დახმარების სატვირთოების გადასვლას. უნდა გავაგრძელოთ მსგავსი პოზიტიური ნაბიჯების განხორციელება, რათა ყველაზე დაუცველ მოქალაქეებს ჰუმანიტარული დახმარება დაუყოვნებლივ მივუტანოთ,” – წერს მიშელი.

რაფაჰის გამშვები პუნქტის გახსნას გამოეხმაურა ევროკომიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენიც. ის ჩართულ მხარეებს მადლობას უხდის და ამბობს, რომ ეს ნაბიჯი უდანაშაულო ადამიანების ტანჯვას შეამსუბუქებს.

„მივესალმები რაფაჰის გამშვები პუნქტის გახსნას ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებისთვის. ეს არის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც შეამსუბუქებს უდანაშაულო ადამიანების ტანჯვას. ჩემი მადლიერება ყველას, ვინც ეს შესაძლებელი გახადა,” – წერს ლაიენი.

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ღაზას სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების დაწყებას მიესალმება და ამბობს, რომ გერმანიის ფედერალური მთავრობა ამ კონფლიქტით გამოწვეული ტანჯვის შესამსუბუქებლად ყველაფერს აკეთებს.

„მართებული და მნიშვნელოვანია, რომ პირველი ჰუმანიტარული დახმარება ახლა ღაზას მოსახლეობას მიეწოდება. მათ წყალი, საკვები და მედიკამენტები სჭირდებათ – ჩვენ მათ მარტო არ დავტოვებთ. გერმანიის ფედერალური მთავრობა ამ კონფლიქტით გამოწვეული ტანჯვის შესამსუბუქებლად ყველაფერს აკეთებს“, – წერს შოლცი.

დღეს რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა და ღაზაში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. მას შემდეგ, რაც 20 სატვირთო ღაზის სექტორში გადავიდა, გამშვები პუნქტი დაიკეტა.

ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო.